„ასეთ განცხადებებს კანონიერად არ მივიჩნევთ“ – კრემლი ინდოეთის წინააღმდეგ ტრამპის შესაძლო ტარიფებს აკრიტიკებს

რუსეთმა შეერთებული შტატები ინდოეთზე სავაჭრო ზეწოლაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნისთვის ტარიფების გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა ისაუბრა, იუწყება Reuters.

როგორც ცნობილია, 4 აგვისტოს ტრამპმა გამოაცხადა, რომ გეგმავს, ინდოეთიდან იმპორტზე გადასახადები მნიშვნელოვნად გაზარდოს, რუსული ნავთობით მისი აქტიური ვაჭრობის გამო.

„ჩვენ ბევრ განცხადებას ვისმენთ, რომლებიც სინამდვილეში მუქარას წარმოადგენს, ქვეყნების რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტის მცდელობებს. ჩვენ ასეთ განცხადებებს კანონიერად არ მივიჩნევთ“, – განაცხადა პესკოვმა საპასუხოდ.

მისი თქმით, რუსეთი მიიჩნევს, რომ „სუვერენულ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ და აქვთ უფლება, თავად აირჩიონ სავაჭრო პარტნიორები, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პარტნიორები და თავად აირჩიონ სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის ის ფორმები, რომლებიც კონკრეტული ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება“.