მედია: ნეთანიაჰუს კაბინეტისგან ღაზის სრული ოკუპაციის გეგმაზე მხარდაჭერა სურს

ებრაულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრებთან საუბრისას თქვა, რომ კაბინეტისგან ღაზის სრული ოკუპაციის გეგმაზე მხარდაჭერა სურს.

მედია ისრაელის რამდენიმე მინისტრზე დაყრდნობით წერს, რომ ნეთანიაჰუმ პირად საუბრებში ღაზაში სამხედრო ოპერაციების გაფართოების ხედვა აღწერა და “სექტორის ოკუპაციაზე” ილაპარაკა.

როგორც ისრაელური გამოცემა Ynet მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, IDF-ის შიგნით წინააღმდეგობის მიუხედავად, ქვეყნის პრემიერმა თქვა, რომ ” წილი ნაყარია” და სამხედრო ოპერაციები ჩატარდება ისეთ ტერიტორიებშიც, სადაც ჰამასს მძევლები ჰყავს აყვანილი.

“წილი ნაყარია, ჩვენ ღაზის სექტორის სრულ ოკუპაციას ვაპირებთ. […] ოპერაციები იქნება ისეთ ტერიტორიებშიც, სადაც მძევლები არიან აყვანილები. თუ შტაბის უფროსი (რედ. – IDF-ის შტაბის უფროსი, ეიალ ზამირი) ამას არ ეთანხმება, უნდა გადადგეს”. – თქვა ნეთანიაჰუმ Ynet-ის წყაროების მიხედვით.

მედია აღნიშნავს, რომ IDF მთლიანად ღაზაზე კონტროლის დამყარების გეგმას ეწინააღმდეგება, რადგან მძევლებთან მიახლოების შემთხვევაში ისინი შესაძლოა გამტაცებლებმა მოკლან და არმიის შეფასებით, ჰამასის ინფრასტრუქტურის სრულ გაწმენდას შესაძლოა წლები დასჭირდეს.

4 აგვისტოს ნეთანიაჰუმ თქვა, რომ კაბინეტის შეხვედრას მოიწვევდა, რათა ომის შემდგომი განვითარება განეხილათ.

მანამდე, 3 აგვისტოს ისრაელურმა გამოცემამ, Channel 12-მა გაავრცელა ცნობა, რომ უსაფრთხოების კაბინეტში ღაზის შესაძლო ოკუპაციაზე უთანხმოება წარმოიშვა, ხოლო ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრს, ისრაელ კაცს იმ დროისთვის პოზიცია გადაწყვეტილი არ ჰქონდათ.

გამოცემის თანახმად, სამხედრო ოპერაციების გაფართოებას მხარს უჭერდნენ სტრატეგიული ურთიერთობების მინისტრი, რონ დერმერი, ფინანსთა მინისტრი, ბეზალელ სმოტრიხი, ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, იტამარ ბენ გვირი, სამხედრო მდივანი რომან გოფმანი და კაბინეტის მდივანი, იოსი ფუქსი.

ხოლო ამჟამინდელი ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მიღწევის ძალისხმევის გაგრძელებას მხარს უჭერდნენ IDF-ის შტაბის უფროსი, ეიალ ზამირი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი, პარტია შასის ლიდერი, არიე დერი, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ცახი ჰანეგბი, მოსადის ხელმძღვანელი, დავიდ ბარნეა, ისრაელის შიდა დაზვერვის სამსახურის, შინ ბეთის მხრიდან ჰამასთან მოლაპარაკებების მონაწილე და ნიცან ალონი, რომელიც არმიაში მძევლების საკითხს ხელმძღვანელობს.

ამჟამად IDF ღაზის სექტორის დაახლოებით 75%-ს აკონტროლებს – მედიაში გავრცელებული ახალი გეგმით, ისრაელი კონტროლს დანარჩენ ტერიტორიაზეც დაამყარებს.