Politico: ევროკავშირი უკრაინასთან ომში რუსეთის მხარდაჭერის გამო ჩინეთისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს

ევროკავშირი უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარდაჭერის გამო ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს, – ამის შესახებ Politico ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება, რომელმაც ანონიმურობა ითხოვა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი სააგენტო Reuters-ის მიერ ივლისში გამოქვეყნებულ ინფორმაციას მოჰყვა,  რომლის თანახმადაც, ჩინური დრონების ძრავები ფარულად მიეწოდებოდა რუსეთს ფარული კომპანიების მეშვეობით, „სამრეწველო სამაცივრე დანადგარების“ სახელით, დასავლური სანქციების გვერდის ავლის მიზნით.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ამ ამბავმა ბრიუსელში შეშფოთება გამოიწვია. ევროკავშირის 15 წევრმა სახელმწიფომ ზემოაღნიშნული ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით პეკინთან შეშფოთება გამოთქვეს, თუმცა ჩინეთმა ან უარყო მიწოდებაში მონაწილეობა, ან პასუხის გაცემაზე უარი თქვა.

„ანგარიში ზუსტია და აჩვენებს, რომ ჩინეთი [რუსეთ-უკრაინის ომში] თავის როლს როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად ზრდის. სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ჩინეთის მხარდაჭერის გარეშე ომი ახლა ძალიან განსხვავებულად წარიმართებოდა“, – განუცხადა დიპლომატმა Politico-ს.

მისივე თქმით, ევროკავშირმა ჩინური დრონების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ მედიაში ინფორმაციის გამოჩენამდეც იცოდა.

„აგვისტოს შემდეგ ჩვენ სანქციებს დავაწესებთ… ჩვენ გვინდა დიალოგი, მაგრამ ასევე მოქმედება“, – განაცხადა დიპლომატმა და დასძინა, რომ ბლოკმა არასათანადოდ არ უნდა შეაფასოს საკუთარი ეკონომიკური ბერკეტები.

წყარომ ჟურნალისტებს არ აცნობა, თუ რა შეზღუდვებზეა საუბარი.

Share on Facebook