აზერბაიჯანის გაზის მარაგი თითქმის ოთხჯერ გაიზარდა

აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის მარაგი ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ იტალიური ენერგეტიკული კომპანია Eni-ს მიერ გამოქვეყნებულ World Energy Review-ის 24-ე გამოცემაში წერია, რასაც Trend ავრცელებს.

კერძოდ, თუ 2010 წელს ის 515 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენდა, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით გაზის მარაგმა 1.917 ტრლნ კუბურ მეტრამდე მოიმატა.

ამდენად, 2010 წლიდან ზრდამ 272%-ზე მეტი შეადგინა, რაც რეალურად ქვეყნის გაზის სარესურსო ბაზის, თითქმის, ოთხჯერ ზრდას ნიშნავს.

ყველაზე მკვეთრი ზრდა 2015-დან 2019 წლამდე პერიოდშდაფიქსირდა, როცა მარაგი 665-დან 1.917 ტრლნ კუბურ მეტრამდე, ანუ 188.3%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლიდან აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის მარაგის მოცულობა 1.917 ტრლნ კუბურ მეტრზე სტაბილურად დარჩა.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანმა მთლიანობაში 25.2 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მოიპოვა. ამ მოცულობიდან 6.6 მლრდ კუბური მეტრი აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის (ACG) საბადოებზე მოდის, 13.8 მლრდ კუბური მეტრი შაჰ-დენიზის, 0.8 მლრდ კუბური მეტრი აბშერონის საბადოს წილია, ხოლო, თითქმის, 4 მლრდ კუბური მეტრი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის მიერ არის მოპოვებული.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანიდან გაზის ტრანსპორტირების 55,5% სამხრეთ კავკასიური, ანუ ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით განხორციელდა. ამ მილსადენით 11.235 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნა გადაქაჩულია, თუმცა ეს მოცულობა წინა წელთან შედარებით 1,6%-ით ნაკლებია.

საქართველოს გაზმომარაგება სწორედ სამხრეთ კავკასიური მილსადენის 30-დუიმიანი განშტოებით ხდება, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში მდებარეობს.

მთლიანობაში აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით იანვარ-ივნისში 20.260 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნა ტრანსპორტირებული, რაც 2024 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით 1,4%-ით ნაკლებია.

 

მოამზადა ლადო სულაბერიძემ