რუსეთის ფედერაცია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის უკრაინაში მიმდინარე ომში დათმობის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. სტატიას ამ შინაარსით Bloomberg-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, კრემლში დათმობის რამდენიმე პოტენციურ ვარიანტს განიხილავენ, რათა აშშ-ის ყურადღება გადაიტანონ და ამით მეორადი სანქციები თავიდან აიცილონ.
„ერთ-ერთ შესაძლო წინადადებად უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებით საჰაერო იერიშების შეწყვეტაა. ეს იქნება დეესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იმ პირობით, რომ უკრაინაც დათანხმდება ამას“, – წერს სააგენტო ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით.
წყარო Bloomberg-ს აგრეთვე უყვება, რომ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ვიზიტი მოსკოვში უკანასკნელი შანსია, რათა ტრამპთან შეთანხმება მოხდეს. მისივე ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უკრაინაში წარმოებული ომის მიზნები არ შეცვლილა, და მოსკოვი ცეცხლის სრულ შეწყვეტას ჯერ არ თანხმდება.