ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა უარყო ინფორმაცია, თითქოს გენერალური შტაბის უფროსი ეიალ ზამირი ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებას ამზადებდა. ამის შესახებ Times of Israel იუწყება.
სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ზამირი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შვილმა, იაირ ნეთანიაჰუმ დაადანაშაულა, რომელიც ამჟამად მაიამიში ცხოვრობს.
იაირ ნეთანიაჰუმ გადატრიალების მცდელობაში ისრაელ კაციც დაადანაშაულა, რადგანაც გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე ეიალ ზამირი სწორედ მან დანიშნა.
როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრის შვილმა X-ში დაწერა, ზამირს პრემიერ-მინისტრთან კონფლიქტი შეექმნა მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობამ ღაზას სექტორის სრული ოკუპაცია გადაწყვიტა. გენშტაბის უფროსს მიაჩნია, რომ ეს ტყვეობაში მყოფ მძევლებს დიდ საფრთხეს შეუქმნის და სამხედროების ძალებს კიდევ უფრო მეტად გამოფიტავს.
ისრაელ კაცი ეიალ ზამირის დანიშვნასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის საუკეთესო კანდიდატი იყო ამ თანამდებობაზე, რაც მომდევნო მოვლენებმა დაადასტურა – ისრაელის ჯარმა ჩაატარა ოპერაციები ლიბანში, სირიაში, იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ღაზას სექტორში და ცნობილი ოპერაცია ირანის წინააღმდეგ.
ისრაელ კაცის თქმით, გენერალური შტაბის უფროსს შეუძლია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და აზრის გამოთქმა, მით უმეტეს, როდესაც ის ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არ ეთანხმება, ამ შემთხვევაში ღაზასთან დაკავშირებით. „შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი საკუთარ პოზიციას შესაბამის ფორუმზე აფიქსირებს, მაგრამ შემდეგ ისრაელის ლიდერების გადაწყვეტილებებს ასრულებს, საკუთარი მოსაზრების მიუხედავად და „ასე იყო ყოველთვის“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.