სომხეთი და აზერბაიჯანი, დონალდ ტრამპის შუამავლობით, ხელს მოაწერენ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლითაც მშვიდობისკენ სწრაფვის ვალდებულებას აიღებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს, რომლითაც მშვიდობისკენ სწრაფვის ვალდებულებას აიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „მიდლ ისთ აი“ ავრცელებს.

წყაროების ცნობით, მოსალოდნელია, რომ ალიევი და ფაშინიანი ხელს მოაწერენ „განზრახვათა წერილს“ და არა სამშვიდობო შეთანხმების პროექტს.

„მიდლ ისთ აის“ შეფასებით, მემორანდუმის ხელმოწერა დონალდ ტრამპს დიპლომატიურ წარმატებას მისცემს. გამოცემა წერს, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა 4 აგვისტოს თურქ კოლეგას, ჰაკან ფიდანს დაურეკა, რათა სამიტის შესახებ ეცნობებინა. ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად რჩება ე.წ. ზანგეზურის დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანის მატერიკულ ნაწილს მის ანკლავთან, ნახჭევანთან, სომხეთის ტერიტორიის გავლით დააკავშირებს.

მედიის ინფორმაციით, გასულ თვეს აშშ-ის ელჩმა, თომას ბარაკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ დერეფნის 100 წლით ექსპლუატაცია შესაძლოა ამერიკულ კომპანიას დაევალოს, რითაც მოგვარდება ორივე მხარის შეშფოთება სატრანსპორტო მარშრუტის უსაფრთხოებასა და საიმედოობასთან დაკავშირებით.