უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მთავრობა უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარების ოდენობას შეამცირებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა.
„როდესაც უკრაინას თავს დაესხნენ, უნგრეთმა თავისი მეზობლისთვის გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. ჩვენ დავეხმარეთ ათასობით გაჭირვებულ ადამიანს და დღესაც ვაგრძელებთ ამის გაკეთებას. ჩვენი პასუხისმგებლობა ნათელია: დავეხმაროთ, მაგრამ არასდროს შევუქმნათ საფრთხე უნგრელების ინტერესებს. ეს არის ბალანსი, რომელიც უნდა დავიცვათ“, – წერს ორბანი.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინელებისთვის ადრე გაწეული დახმარების დონე ძალიან მაღალი იყო. მისი თქმით, უნგრეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც ლტოლვილები იღებდნენ იმავე სახელმწიფო დახმარებას, რასაც უნგრეთის მოქალაქეები.
ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი ლტოლვილები ახლა ნაკლებ დახმარებას უნდა ელოდონ და აღნიშნა, რომ „მსოფლიოში არაფერია უფასო“.