2006 წლის ივნისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 2025 წლის პირველი ნახევრის ბოლომდე, დაახლოებით 605 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი გადაიტანეს 1 768 კმ სიგრძის მილსადენით.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია, კომპანია „ბრითიშ პეტროლეუმის“ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოხსენების თანახმად, აღნიშნული დროის განმავლობაში, ჯეიჰანში ნავთობი 6 007 ტანკერზე ჩაიტვირთა და მსოფლიო ბაზრებზე გაიგზავნა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მეშვეობით ექსპორტირებული დაახლოებით 13 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი და კონდენსატი ჯეიჰანის ტერმინალში 145 ტანკერზე ჩაიტვირთა.
ამჟამად, მილსადენს ძირითადად აზერბაიჯანიდან ACG ნავთობი და შაჰ დენიზის კონდენსატი გადააქვს. გარდა ამისა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მეშვეობით ასევე ტრანსპორტირდება კასპიის ზღვის სხვა რეგიონული (ყაზახეთი, თურქმენეთი, SOCAR-ის მიერ აზერბაიჯანში წარმოებული სხვა მოცულობები) ნედლი ნავთობი და კონდენსატი.