ინდოეთის ხელისუფლება აღშფოთებულია აშშ-ის გადაწყვეტილებით, რუსული ნავთობის შეძენის გამო ინდურ საქონელზე დამატებითი ტარიფები დააწესოს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა.
„ჩვენი იმპორტი საბაზრო ფაქტორებს ეფუძნება და ინდოეთის 1.4 მილიარდი მოსახლისთვის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთო მიზნით ხორციელდება. ამიტომ უკიდურესად სამწუხაროა, რომ აშშ-მა ინდოეთისთვის დამატებითი ტარიფების დაწესება გადაწყვიტა იმ ქმედებებისთვის, რომლებსაც რამდენიმე სხვა ქვეყანაც საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ტარიფებს „უსამართლო, გაუმართლებელი და დაუსაბუთებელი“ უწოდა.
ცნობისთვის, 6 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ინდოეთისთვის დამატებით 25%-იანი ტარიფის შემოღებას ითვალისწინებს.