ირაკლი ქადაგიშვილი: უკიდურესი რადიკალიზმი, რომელსაც საქართველოში ასულდგმულებენ და, რომლის მსხვერპლიც უამრავი ადამიანი გახდა, ახლა საკუთარი თავის ჭამას იწყებს

უკიდურესი რადიკალიზმი, რომელსაც საქართველოში ასულდგმულებენ და რომლის მსხვერპლიც უამრავი ადამიანი გახდა, ახლა საკუთარი თავის ჭამას იწყებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთიდან ხელდასმული კოალიციური მთავრობის შინაარსი, გუშინ რუსთაველზე მკაფიოდ გამოჩნდა.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, ეს უკიდურესი რადიკალიზმი, რომელსაც ნერგავენ და ასულდგმულებენ საქართველოში და რომლის მსხვერპლიც უამრავი ადამიანი გახდა, ახლა, საკუთარი თავის ჭამას იწყებს.ამის გამოვლინება იყო გუშინ, როდესაც ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ოპოზიციის მეორე წარმომადგენელს მიაყენა შეურაცხყოფა. აქედან გამომდინარე, ამ ოპოზიციას არ გააჩნია არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი.

ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე იყო სულ ბლეფი. მათ უცხოური მხარდაჭერით უნდათ, რომ აქ უნდა შეიქმნას თითქოს რაღაცა კოალიციური მთავრობა, რომელიც იქნება ყველაფრის პანაცეა. როგორ შეიძლება კოალიციური მთავრობა, ყველაფრის პანაცეა იყოს. თვითონ რაღაც ახალ სიტყვას შემოიტანენ და რაღაცა პერიოდი ხალხი ამით უნდათ დაარწმუნონ, რომ ეს არის პანაცეა. არაფერი პანაცეა ეს არ არის. რა არის დასავლეთიდან ხელდასმული კოალიციური მთავრობის შინაარსი, გუშინ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა რუსთაველზე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

რუსთაველის გამზირზე 6 აგვისტოს მიმდინარე აქციაზე მოქალაქეები „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ გეგელიას დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა გრიგოლ გეგელიას აქციაზე ყოფნა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი პროტესტის მიზეზი „ლელოს“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გახდა.