ისრაელის ომის გამო ღაზას სექტორში სახნავ-სათესი მიწების მხოლოდ, 1.5% გადარჩა – გაერო

„გაეროს ცნობით, ღაზას სექტორში ომის დაწყების დღიდან, სახნავ-სათესი მიწების მხოლოდ, 1.5% გადარჩა. მაჩვენებელი აპრილის მონაცემთან შედარებით, 4%-ით ნაკლებია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისრაელი აგრძელებს ოდესღაც უხვი ღაზას სექტორის სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზანში ამოღებას“, – ამის შესახებ The Guardian გვიყვება.

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თქმით, ისრაელი მარტის დასაწყისში სრული ბლოკადის დაწყების შემდეგ, რამაც მკაცრად შეზღუდა დახმარების შეტანა ღაზას სექტორში, 2 მილიონამდე ადამიანისთვის, რომლებიც შიმშილობის ზღვარს მიღმა იმყოფებიან, კიდევ უფრო მეტად ართულებს მდგომარეობას.

გაერო ამტკიცებს, რომ კონფლიქტამდე ღაზა აყვავებული სასოფლო-სამეურნეო ცენტრი იყო, სადაც ფერმერები და რიგითი პალესტინელები ადგილობრივი მოხმარებისთვის ხილის, ბოსტნეულის, თხილისა და მარცვლეულის დიდ რაოდენობას მოიყვანდნენ.

„ეკოციდი ღაზაში“ – წარმოადგენს თუ არა გარემოს განადგურების მასშტაბები ომის დანაშაულს?

უფრო დაწვრილებით თუ აღვწერთ, FAO-ს მონაცემებით, სოფლის მეურნეობა ღაზას სექტორის ეკონომიკის დაახლოებით, 10%-ს შეადგენდა და 560 000-ზე მეტი ადამიანი, ანუ მოსახლეობის მეოთხედი, ნაწილობრივ მაინც, სოფლის მეურნეობითა და თევზჭერით იყო დაკავებული.

2023 წლის ოქტომბერში, ღაზას ბლოკადის დაწყებიდან დღემდე ისრაელმა საკვების წყაროები – ხილის ბაღები, სათბურები, სასოფლო-სამეურნეო მიწები და მეთევზეების ნაგებობები დაბომბა.

FAO-ს ცნობით, 2025 წლის 28 ივლისისთვის ისრაელმა ღაზას სექტორში სასოფლო-სამეურნეო მიწების 86% დააზიანა, რაც თითქმის, 13 000 ჰექტარს უტოლდება. აპრილში ეს მაჩვენებელი 81%-ს შეადგენდა.

ამ ეტაპზე, დასამუშავებლად გამოსადეგი სახნავ-სათესი მიწების მხოლოდ, 1.5% დარჩა, რაც ისრაელის დარტყმებმა ვერ დააზიანა.

„ღაზა ახლა სრულმასშტაბიანი შიმშილობის ზღვარზეა. ხალხი შიმშილობს არა იმიტომ, რომ საკვები არაა ხელმისაწვდომი, არამედ იმიტომ, რომ ადგილობრივი აგროსასურსათო სისტემები ჩამოინგრა და ოჯახებს აღარ შეუძლიათ ყველაზე ელემენტარული საარსებო წყაროების შენარჩუნებაც კი“, – აღნიშნა FAO-ს გენერალურმა დირექტორმა კუ დონგიუმ.

„ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება უსაფრთხო და მდგრადი ჰუმანიტარული წვდომა და დაუყოვნებლივი მხარდაჭერა ადგილობრივი საკვების წარმოებისა და საარსებო წყაროების აღსადგენად – ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც თავიდან აგვაცილებს სიცოცხლის შემდგომ დანაკარგებს. საკვებზე უფლება ადამიანის ძირითადი უფლებაა“, – აცხადებს დონგიუ.