პუტინმა პირველმა უიტკოფს უთხრა, რომ ტრამპთან შეხვედრა სურს – Fox News

Fox News-ის ინფორმაციით, 6 აგვისტოს მოსკოვში შეხვედრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს განუცხადა, რომ მას გარკვეულ მომენტში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა სურს.

როგორც ტელეარხი იუწყება, მას შემდეგ, რაც უიტკოფმა ტრამპს ეს შეტყობინება გადასცა, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ღიაა მომავალ კვირას შეხვედრისთვის, თუ ეს უკრაინაში ომის დასრულებას გამოიწვევს.

მანამდე The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპი მომავალ კვირას პუტინთან პირადად შეხვედრას გეგმავს, შემდეგ კი სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით. გამოცემის ცნობით, ტრამპმა თავისი განზრახვები ევროპელ ლიდერებთან და ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას გააჟღერა, რომელიც 6 აგვისტოს, უიტკოფის პუტინთან შეხვედრის შემდეგ შედგა. ერთ-ერთმა წყარომ დააზუსტა, რომ მოლაპარაკებები ვიწრო ფორმატში – მხოლოდ სამი სახელმწიფოს მეთაურის მონაწილეობით, ევროკავშირის წარმომადგენლების შუამავლობის გარეშე – გაიმართება.