სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში აშშ სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარების ექსკლუზიურ უფლებას მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, ხვალ, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს უმასპინძლებს და შეხვედრაზე მხარეები შეთანხმებას გააფორმებენ, რომელიც მიზნად „მშვიდობისკენ მიმავალი კონკრეტული გზის“ შექმნას ისახავს.
დოკუმენტის თანახმად, სომხეთი გეგმავს, რომ აშშ-ს სატრანზიტო დერეფნის განვითარების გრძელვადიანი ექსკლუზიური უფლება მიანიჭოს, რომლის სახელიც „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) იქნება.
„ეს ნაბიჯი, თავისი კომერციული საშუალებებით, რეგიონს გახსნის და მომავალი სამხედრო დაპირისპირებების თავიდან აცილებას ხელს შეუწყობს“, – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
ოფიციალური პირების თქმით, მარშრუტის ექსპლუატაცია სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად მოხდება, ხოლო აშშ მიწას ქვეიჯარით გადასცემს კონსორციუმს, რომელიც ინფრასტრუქტურასა და მარშრუტის მართვაზე იქნება პასუხისმგებელი.