თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო. ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს აცხადებს, ნაწილი აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. პოლიტიკური პროცესების და კავკასიის მოვლენების შეფასება ექსპერტ მამუკა არეშიძეს ვთხოვეთ.
– ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება არაორდინარულია. საქართველოს დამოუკიდებლად არსებობის ამდენი წლის განმავლობაში სულ ეს მდგომარეობაა. ბევრი ნაბიჯის გადადმის შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან… არადა, საბჭოთა სივრცეში დამოუკიდებლობის პიონერები ჩვენ ვიყავით, ვიყავით განსაკუთრებული რესპუბლიკა და მუდმივად გვქონდა ამბიცია, სამეზობლოში პირველი ვყოფილიყავით… რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციის ნაწილი გამარგინალურდა, მეორე ნაწილს კი არ ჰყოფნის ძალა, პოლიტიკური კლიმატი შექმნას.
– რა შანსი აქვს დღეს ოპოზიციას?
– მე კომპრომისს ვითხოვ როგორც ოპოზიციისგან, ისე ხელისუფლებისგან. ოპოზიციის კომპრომისზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება – არათუ ხელისუფლებასთან, ერთმანეთთანაც ვერ ახერხებენ ამის მიღწევას. რაც შეეხება შანსს, არჩევნებში მონაწილეობას მივესალმები, მაგრამ შანსი არა აქვთ, თუ გამარჯვებაზე მეკითხებით.
– ამომრჩეველი მივა ხმის მისაცემად?
– ნაწილი მივა და არჩევნები გაიმართება. არა მგონია, თბილისში ამომრჩევლების ის რაოდენობა მივიდეს, რომელსაც ბოლო წლებია დავეჩვიეთ. რაც შეეხება რეგიონებს, იქ ბევრი ნიუანსია, რაც განაპირობებს არჩევნებზე მოქალაქეთა აქტიურობას.
– ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თვალყურს ადევნებს დასავლეთი…
– დასავლეთის “თვალყურის დევნება” ადრე თუ საყურადღებო იყო მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, დღეს აღარ არის – ყველაფერი გააკეთეს საკუთარი თავის დისკრედიტაციისთვის. ევროკავშირის დეპუტატების დიდი ნაწილი ვერაფრით ხვდება, რა უნდათ მათი კოლეგების იმ ჯგუფებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებისადმი აგრესიულად არიან განწყობილი. მე შევესწარი ძალიან საინტერესო საუბარს – ერთ-ერთი ქვეყნის დეპუტატი, რომელიც ესწრებოდა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს, პირზე დაადგა მეორე ქვეყნის დეპუტატს. ერთი იყო ძველი ევროპიდან, მეორე ახლიდან, და უთხრა, შენც ხომ მიეცი ხმა იმას, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარდა საქართველოში და ახლა ტრიბუნიდან რატომ ამბობ სხვა რამესო…
საქართველოში მოსახლეობის დიდ ნაწილს სურს ევროპასთან კარგი ურთიერთობა – ევროპასთან და არა იმ ჯგუფებთან, რომლებიც ევროპის ფილოსოფიურ სახეს აზიანებენ თავიანთი ქმედებით.
– თქვენი აზრით, “ქართული ოცნება” რა ნაბიჯებს გადადგამს ევროპისკენ?
– “ქართულ ოცნებას” გადადგმული აქვს გარკვეული ნაბიჯები და მაქვს ინფორმაციაც, რომ კულუარული ურთიერთობის სისტემაა შექმნილი აშშ-ის ისეთ პოლიტიკურ მოღვაწეებთანაც, რომლებიც ქმნიან დღევანდელ ამერიკულ პოლიტიკას. ჩვენ შეგვიძლია საკუთარი ლობისტური ინსტიტუტები შევქმნათ ჩვენი მხარდამჭერებისგან, რომლებიც სიამოვნებით მიიღებენ ამ ურთიერთობის დალაგებაში მონაწილეობას. ისინი იქნებიან ევროპული ქვეყნებისა და ამერიკის მოქალაქეები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისრაელის მოქალაქეები. იმ ადამიანებს კი არ ვგულისხმობ, ვინც ფულზე მუშაობს, ვგულისხმობ მათ, ვისთვისაც საქართველო მნიშვნელოვანია.
– ახლა კავკასიის ამბებსაც შევეხოთ. სომხეთი და აზერბაიჯანი აგვარებენ ურთიერთობას.
– მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყნები მსოფლიო პოლიტიკაში განსაკუთრებულ ამინდს ვერ შექმნიან, უკვე ცდილობენ კულუარული პოლიტიკური ქსელის შექმნას. ამის ნათელი მაგალითია აზერბაიჯანი. რეგიონულ პოლიტიკაში რომ აზერბაიჯანმა პოზიციონირება დაიწყო, მას მერე ჩამოაგდეს სამგზავრო თვითმფრინავი რუსმა სამხედროებმა. ეს ბევრად ადრე დაიწყო. მე ათვლის წერტილად მაქვს 2010 წელი, როდესაც ჯერ კიდევ მედვედევი იყო რუსეთის პრეზიდენტი. მაშინ ალიევმა არნახულ დიპლომატიურ წარმატებას მიაღწია, როდესაც რუსეთს დაათმობინა ოთხი სოფელი აზერბაიჯან-რუსეთის საზღვარზე და გადასწიეს საზღვარი მდინარისკენ. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნელ-ნელა დაიწყო რუსეთის გავლენის შევიწროება. მანამდე რუსეთს ჯერ კიდევ ჰქონდა სამხედრო ბაზა აზერბაიჯანში და ალიევმა ყველაფერი გააკეთა, რომ ბაზა გასულიყო ქვეყნიდან. 2022 წელს, როდესაც ომი დაწყებული იყო უკრაინასთან, ალიევი წინა დღეებში ჩაფრინდა რუსეთში და ხელი მოაწერა სამეგობრო ხელშეკრულებას. მერე დაიწყო ყარაბაღის ახალი ომი. უკრაინასთან ომში ჩართულ რუსეთს არ სცხელოდა ყარაბაღის მოვლენებისთვის, პლუს ფაშინიანი მოსკოვში მიუღებელია. ამის მერე დაიწყო სამშვიდობოების შევიწროებაც და როცა აზერბაიჯანმა მოიგო ომი, რუსი სამშვიდობოებიც დახოცა და ეს შერჩა ხახვივით. მოკლედ, ყველანაირად შეავიწროვა, რომ რუსები საბოოლოდ გასულიყვნენ ყარაბაღის ტერიტორიიდან. რასაკვირველია, მის უკან ძლიერი თურქეთი იდგა. საბოლოოდ, სამხრეთ კავკასიაში ძალიან შესუსტდა რუსეთის გავლენა.
დღეს მოსკოვში ამბობენ, თავის დროზე არ უნდა დაგვეთმო აზერბაიჯანისთვისო და ზოგიერთ ჩინოვნიკს ქრთამის აღებასაც აბრალებენ. რუსებმა ისევ დაიწყეს თავიანთი სამხედროების დაბრუნება როგორც ჩვენს ტერიტორიაზე განლაგებულ ბაზებში, ისე სომხეთში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კასპიის ფლოტილიის გაძლიერება დაიწყეს ახალი ხომალდებით, რომლებიც, პრაქტიკულად, ბაქოზეა დამიზნებული. ახლა ალიევმა პაუზა აიღო, საქმეში უკვე ერდოღანი ჩაერია და დაიწყო სიტუაციის გადალაგება, მაგრამ ეს პროცესი გაგრძელდება იმიტომ, რომ რუსეთი კბილებს ილესავს, სურს აზერბაიჯანს მიუჩინოს მისთვის განკუთვნილი ადგილი.
რაც შეეხება დასავლეთთან ურთიერთობას, აშშ და ბრიტანეთი იმ სივრცეს თავს არ გაანებებენ, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია. სამხრეთი კავკასია მათთვის უმნიშვნელოვანესი რეგიონია. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ სივრცის გაკონტროლება, რომელიც შეიძლება მისმა მთავარმა კონკურენტმა ჩინეთმა დაიკავოს. შუა დერეფნის პროექტში აშშ-ისთვის კონკურენტი არა მარტო ჩინეთი, არამედ ევროკავშირიცაა. ეს უზარმაზარი სავაჭრო გზა, რომელიც უნდა ამუშავდეს, არა მარტო სამხრეთ კავკასიაზე, უფრო სამხრეთითაც გადის მისი მეორე შტო და არ შეიძლება აშშ-ის კონტროლის გარეშე დარჩეს. იმ შეთავაზებაზე, რომელიც მიიღეს ერევანმა და ბაქომ ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით, ხომ ხედავთ, ჯერ ვერც თანხმობას აძლევენ და ვერც უარს ამბობენ, ზუსტად იმიტომ, რომ უარი ძალიან ძვირად დაუჯდება ერთსაც და მეორესაც, და თანხმობაც არანაკლებ ძვირად დაუჯდებათ.
– საქართველომ რა უნდა გააკეთოს?
– დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში საქართველოს პოზიციონირება ისეთი თავშეკავებულობით, როგორსაც დღეს ვუყურებ, გარკვეულწილად ამართლებს. ყველაზე უკეთესი ვარიანტი, სამხრეთკავკასიურ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სისტემის შექმნაა. როდესაც გეოპოლიტიკური ვითარება იძაბება, პატარა ქვეყნების ხმა საერთოდ არ ისმის, მაგრამ ქვეყნების გაერთიანების ხმა, როგორც წესი, ყოველთვის ისმის ხოლმე. ვგულისხმობ თუნდაც ეკონომიკურ პლატფორმას. არ არის აუცილებელი საშუალო დონის მოთამაშესთან გარიგება, საჭიროა მსხვილ მოთამაშესთან გარიგება და ეს არის აშშ. ამ შემთხვევაში შესაძლებელია სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც ეკონომიკის განვითარებაზე იქნება დაფუძნებული…
– ამ ყველაფერს შეეგუება რუსეთი?
– რუსეთს დღეს იმდენი საშუალება არა აქვს, რომ აშშ-თან შექმნას კონფრონტაციული რეჟიმი, თუნდაც სამხრეთ კავკასიის გამო. რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ თურქეთმა არ გაიმარჯვოს კავკასიაში, არ იყოს შავი ზღვის მაკონტროლებელი. Aამერიკის მიერ იარაღის გადაცემა ევროპელებისთვის ძალიან მკაფიო ნიშანია მოსკოვისთვის, რომ ამერიკა მასთან დაპირისპირებას არ აპირებს. ისე აკეთებს ამერიკის ადმინისტრაცია, რომ სხვას აძლევს იარაღს, თან ამაში ფულს იღებს. ამით მოსკოვს მიანიშნებს, მე არა ვარ შენს წინააღმდეგ, მე ვარ შენი მეზობლის, ჩინეთის წინააღმდეგო. თუ რუსეთი ჩინეთის მოკავშირე გახდება, აშშ-ს ძალიან მძიმე დღეები დაუდგება, იმიტომ, რომ რესურსულად ეს ორი ქვეყანა ძალიან ძლიერია, პლუს ჩინეთმა ტექნოლოგიური განვითარებით უკვე გაუსწრო შტატებს. თუ ამერიკამ სამხრეთ კავკასიაში ინსტიტუციურად ფეხი მოიკიდა, მაშინ არც რუსეთი იქნება მთლიანად ამოგდებული სამხრეთ კავკასიის პოლიტიკიდან. რაღაც ფორმით მიიღებს მონაწილეობას, კონტროლი იქნება ქვეყნების ჯგუფის ხელში აშშ-ის მეთაურობით და არა, ვთქვათ, მხოლოდ ჩინეთის ხელში, ან მარტო რუსეთის, ან მარტო თურქეთის. დღეს ჩამოშლილია მსოფლიო წესრიგი, თამაშის წესები აღარ არსებობს. ყველა ცდილობს, რაც შეიძლება უკეთესად მოირგოს ხვალინდელი მსოფლიო, მსხვილ მოთამაშეებს ვგულისხმობ, და პატარა მოთამაშეებმაც ამას ფეხი უნდა აუწყონ, ოღონდ ისე, რომ საკუთარი ინტერესების დაცვაც მოახერხონ.