აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს, შორის შეხვედრა შესაძლოა, მომდევნო კვირის დასაწყისში ევროპაში გაიმართოს, იტყობინება Fox News საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის წყაროების ცნობით, რომი შეხვედრის პოტენციურ ადგილად განიხილება.
„მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა ორმა წყარომ Fox News-ს განუცხადა, რომ შეხვედრა მომავალ ორშაბათს [11 აგვისტოს] იგეგმება და ერთ-ერთი შესაძლო ადგილი რომია“, – წერს გამოცემა.
ამასთან, აღნიშნულია, რომ თუ შეხვედრა ამ კვირის ბოლოს გაიმართება, რომი კვლავ ვარიანტად რჩება, თუმცა ევროპისა და სხვა ქვეყნების ვარიანტიც განიხილება.
რუსული სააგენტო ТАСС -ი კი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რომი პუტინისა და ტრამპის შეხვედრის ადგილი არ იქნება და ევროპა შეხვედრის შესაძლო ადგილად არ განიხილება. მანამდე სააგენტოს წყაროებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრა შესაძლოა, ერთ-ერთ არაბულ ქვეყანაში გაიმართოს.