“ვაშინგტონში, პარასკევს დაგეგმილი დონალდ ტრამპის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გვაძლევს საშუალებას გამოვიტანოთ სულ მცირე ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა: რუსეთს სურდა ყოფილიყო ერთადერთი არბიტრი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, მაგრამ უკრაინაში შეჭრამ შეარყია მოსკოვის პოზიციები რეგიონში და ახლა ორი ქვეყნის ლიდერებს სურთ, რომ ამერიკა მის ადგილას იხილონ,“ – ამის შესახებ გამოცემა BBC წერს და სამხრეთ კავკასიაში მოსალოდნელ შესაძლო ცვლილებებზე ანალიტიკურ მასალას აქვეყნებს.
“აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც და სომხეთის პრემიერ-მინისტრმაც ვერ შეძლეს დონალდ ტრამპთან შეხვედრის უზრუნველყოფა მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში. სამხრეთ კავკასია არ გამხდარა პრიორიტეტი მისი მეორე ადმინისტრაციისთვისაც, რომელსაც უფრო ამბიციური მიზნები ჰქონდა – რუსეთის უკრაინასთან შერიგება და ღაზაში ომის შეჩერება. თუმცა, მას შემდეგ, რაც ტრამპის მთავარმა სამშვიდობო გეგმებმა არ გამოიღო შედეგი, მან ყურადღება სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე გაამახვილა, სადაც საომარი მოქმედებები დიდი ხნის წინ დასრულდა და სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტიც კი უკვე შემუშავებული და შეთანხმებული იყო – მხოლოდ მისი ხელმოწერა რჩებოდა.
-
აზერბაიჯანი კვლავ დაჟინებით მოითხოვს სომხეთის კონსტიტუციის შეცვლას, როგორც სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის წინაპირობას.
ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხარეებმა კომპრომისს მიაღწიეს აზერბაიჯანსა და ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის გზის გახსნასთან დაკავშირებით, გზა სომხეთის კონტროლის ქვეშ დარჩება, მაგრამ მას ამერიკული კომპანია მართავს,“ – წერს გამოცემა.
ახლა ვაშინგტონში მხოლოდ სამშვიდობო განცხადების ხელმოწერაა მოსალოდნელი. ალიევმაც და ფაშინიანმაც უკვე არაერთხელ ისაუბრეს ასეთ სურვილზე. მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი შიშობს, რომ აშშ-ს აქტიური ჩარევა სამშვიდობო პროცესში, მხოლოდ ზიანის მომტანი შეიძლება იყოს.
-
სუვერენიტეტის ზაფხული
რესპუბლიკელები ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას ტრამპის სამშვიდობო გენიის ნაყოფს უწოდებენ, სინამდვილეში კი ეს ბაქოსა და მოსკოვს შორის განხეთქილების შედეგია. ივლისის დასაწყისში რუსი პოლიციელების მიერ, ორი აზერბაიჯანელის სიკვდილმა ორ ქვეყანას შორის ყველაზე დიდი დიპლომატიური უთანხმოება გამოიწვია. ბაქოს „დემარშმა“, როგორც მას კრემლი უწოდებს, რუსეთის ხელისუფლება გააოცა და მათ ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ, როგორ უპასუხონ.
თუმცა, ეს კარგი ამბავი იყო სომხეთისთვისაც. იმავდროულად გადატრიალების მცდელობის ბრალდებით სომხეთის ხელისუფლებამ დააკავა ეკლესიის ორი ეპისკოპოსი და რამდენიმე ოპოზიციის ლიდერი. ფაშინიანის გარემოცვა მიიჩნევს, რომ შეთქმულების უკან მოსკოვი იდგა.
ერევანი მიიჩნევს, რომ მოსკოვზე დამოკიდებულებამ მათი ქვეყანა კატასტროფის ზღვარზე მიიყვანა და მიზნად ისახავს სუვერენიტეტის აღდგენას. ბაქოს სურს, რუსეთმა გააცნობიეროს, რომ აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიაში უძლიერესი არმიის მქონე რეგიონულ ძალად იქცა და აღარ არის „ახლო საზღვარგარეთის“ ქვეყანა.
თუმცა მხარეებს ისევ აქვთ შეუთანხმებელი პუნქტები – ალიევი მოითხოვს დერეფნის შექმნას საბაჟო შემოწმების გარეშე. ფაშინიანი ამ გეგმას სომხეთის სუვერენიტეტის დარღვევად უარყოფს. კომპრომისულ ვარიანტად საბაჟო შემოწმებების დასავლური კომპანიისთვის გადაცემა განიხილება – ამ გზით აზერბაიჯანელებს სომეხ მესაზღვრეებთან ურთიერთობა არ მოუწევთ, მაგრამ სომხეთს მის ტერიტორიაზე გამავალ საქონელზე კონტროლი ექნება.
-
რა არის TRIPP
მოლაპარაკებისა და შეთანხმების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს ახალი კომერციული და ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ჰქვია “ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, შემოკლებით TRIPP. ეს ინოვაციური ჩარჩო ორ ერს შორის ყველაზე საკამათო საკითხები გადასაჭრელად არის შექმნილი.
TRIPP-ის ფარგლებში შეიქმნება სატრანზიტო მარშრუტი, რომელიც უზრუნველყოფს აზერბაიჯანისთვის ნახიჩევანთან შეუფერხებელ კომერციულ წვდომას. TRIPP არ არის სამხედრო ან თავდაცვითი ინიციატივა.
“კიევი პოსტის” წყაროებმა, ნათლად განაცხადეს, რომ აშშ არ იძლევა “მკაცრი უსაფრთხოების გარანტიას“ და არ აგზავნის ძალებს, აშშ-ის ჩართულობა იქნება წმინდა კომერციული ხასიათის – აშშ აიღებს პასუხისმგებლობას უზრუნველყოს მარშრუტის ფუნქციონირება ყველა მხარისთვის
-
ნობელის პრემიის ამბიციები: რატომ იყო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი სასარგებლო ტრამპისთვის
“ამერიკის ისტორიაში არასდროს ყოფილა დონალდ ტრამპის მსგავსი მშვიდობისმყოფელი პრეზიდენტი – მან უკვე შეარიგა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა რუანდასთან, ტაილანდი კამბოჯასთან და პაკისტანი ინდოეთთან. შემდეგი აზერბაიჯანი და სომხეთია. ის იმსახურებს ნობელის პრემიას მშვიდობის საკითხებში!!!“, – განაცხადა ორშაბათს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა.
“ერევანი ტრამპის მეორე ვადის დასაწყისიდანვე იმედოვნებდა ამბიციას ნობელის პრემიაზე,“ – განაცხადა გაზაფხულზე მაღალი რანგის სომეხმა დიპლომატმა, რომელიც ანონიმურად რჩება.
ბაქოს კი ესმოდა, რომ ტრამპის ამბიციები ნობელის პრემიასთან დაკავშირებით, საუკეთესო შანსი იყო.
საბოლოოდ კი რეალობა ის არის, რომ მოლაპარაკებები საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, სამივე აქტორი მოლაპარაკებებს გამართავს და შესაძლოა სამხრეთ კავკასიაში სულ მალე განსხვავებული სურათი ვიხილოთ.