აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიკროჩიპების მწარმოებელი ამერიკელი კომპანიის, Intel-ის ხელმძღვანელს ლიპ-ბუ ტანს გადადგომისკენ მოუწოდა. ტრამპს მიაჩნია, რომ ტანმა ისეთ კომპანიებში განახორციელა ინვესტიციები, რომლებიც ჩინეთის სამხედრო დარგთან არის დაკავშირებული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„Intel-ის გენერალურ დირექტორს ინტერესთა კონფლიქტი შეეხო და ის დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. ეს პრობლემა სხვანაირად ვერ მოგვარდება“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ში.
ტრამპის ამ ბრალდებებს კომპანია Intel-ში უპასუხეს.
„Intel აშშ-ში პროდუქციას უკვე 56 წლის განმავლობაში აწარმოებს. ჩვენ ერთადერთი კომპანია ვართ აშშ-ში, რომელიც მიკროსქემების წარმოებისთვის აუცილებელ ტექნოლოგიურ კვანძებში ინვესტიციებს ახორციელებს, იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ“, – წერს კომპანია Intel.
ლიპ-ბუ ტანი Intel-ის გენერალურ დირექტორად მიმდინარე წლის მარტში დაინიშნა. ამის მიზანი იყო კრიზისიდან კომპანიის გამოყვანა. Intel აშშ-ში მიკროჩიპების ერთ-ერთი პირველი მწარმოებელია, მაგრამ ბოლო დროს ის კონკურენტებს ჩამორჩა. ტრამპთან კონფლიქტმა შეიძლება სიტუაცია კიდევ უფრო გაართულოს.
თავად ლიბპ-ბუ ტანი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები დეზინფორმაციაზეა დაფუძნებული. მისი თქმით, აშშ უკვე 40 წელზე მეტი მისი სახლია, მას უყვარს ეს ქვეყანა და მხარს უჭერს ტრამპის მცდელობას, რომ აშშ-ის ნაციონალური და ეკონომიკური უსაფრთხოება გააძლიეროს.