დემოგრაფიული საფრთხე თურქეთიდან

თურქული საინფორმაციო სააგენტო ANKA-ს ცნობით, ბოლო 14 წლის განმავლობაში თურქეთის მოსახლეობა 12 მილიონზე მეტი ადამიანით გაიზარდა, ხოლო ხორბლის ნათესი ფართობი დაახლოებით 1 მილიონი ჰექტარით შემცირდა.

TürkSTat-ის მონაცემებით, 2010 წელს ქვეყნის მოსახლეობა 73,7 მილიონი იყო, ხოლო 2024 წელს 85,7 მილიონი (+16,2%). ამავე პერიოდში ხორბლის ყანები 8,1 მილიონიდან 7 მილიონ ჰექტარამდე (-13,3%) შემცირდა. ხორბლის წარმოება მხოლოდ 5,7%-ით გაიზარდა, 19,7 მილიონი ტონიდან 20,8 მილიონამდე, რაც მოსახლეობის ზრდის ტემპს ჩამორჩება.

თურქეთის სოფლის მეურნეობის ინჟინრების პალატების კავშირის ხელმძღვანელმა, ბაკი რემზი სუიჩმეზმა, აღნიშნა, რომ მოსავლიანობის ზრდა შეინიშნება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის: არამორწყულ მიწებზე სერიოზული დანაკარგები ფიქსირდება და მთლიანი წარმოება წლების განმავლობაში 20 მილიონ ტონაზე რჩება. მისი თქმით, ხარჯების ზრდა და სუბსიდიების გადახდის ერთი წლით დაგვიანება ფერმერებს აიძულებს, შეამცირონ მოსავალი. მან ასევე გააფრთხილა სოფლის მეურნეობის მწარმოებლების ასაკობრივი დაბერების შესახებ – თურქეთში ფერმერების საშუალო ასაკი 58 წელია – და ახალგაზრდების ინტერესის შემცირების შესახებ სოფლის მეურნეობის სექტორში, დაბალი მომგებიანობისა და სუსტი ინფრასტრუქტურის გამო.

და რა შუაშია აქ საფრთხე, საქართველოსთვისო? – იკითხავს ზოგიერთი ქართველი ობივატელი.

თურქეთი აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ტერიტორიაზე თავისი ბიზნესის მხარდაჭერაში, ასევე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიაზე თავისი მოქალაქეების ჩამოსახლებას, რომელთაც საქართველო უნდა “აითვისონ”. ეს პროცესები, სავარაუდოდ, უფრო გაძლიერდება, რადგან, როგორც ვხედავთ, თურქეთის მოსახლეობის უზარმაზარი ტემპებით ზრდას თან ახლავს სოფლის მეურნეობის შემცირება ანუ თურქეთს ახლა უფრო უჭირს საკუთარი მოსახლეობის დაკმაყოფილება საკვები პროდუქტებით, ვიდრე გასულ ათწლეულში. შესაბამისად, თურქული სახელმწიფო წაახალისებს ქვეყნიდან ემიგრაციას, მათ შორის, ისეთ სუსტ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. საქართველოში ყველა ჯურის უცხოელს, მით უმეტეს, თურქს, სასათბურე პირობები აქვს შექმნილი. სულ რაღაც 60-70 ათას დოლარად შეუძლიათ მათ უძრავი ქონების ყიდვა და სანაცვლოდ ბინადრობის უფლების მიღება.

ვითარება უფრო მძიმდება იმის გათვალისწინებით, რომ სირიაში გაფართოვდა თურქეთის გავლენა. ამავე დროს, თურქეთი სირიაზე თავისი გავლენის მძევალიცაა – თურქეთი იძულებულია, მხარდაჭერა აღმოუჩინოს სირიელ “ძმებს”. თურქეთის მოსახლეობის ჭარბ ზრდაში საკმაოდ დიდი წვლილი სირიიდან შემოდინებულ ადამიანების ნაკადს მიუძღვის. ეს არიან თურქეთის ძირითად რეგიონებში მცხოვრებ ხალხზე კულტურულად უფრო ჩამორჩენილი არაბები.

თურქეთის დემოგრაფიის აფეთქება ჩვენთვის კიდევ უფრო სახიფათოა, ვიდრე შორეული აზიური ქვეყნებიდან (მაგ., პაკისტანი, ინდოეთი და სხვ.) მიგრანტების შემოდინება, ვინაიდან თურქეთი მეზობელი სახელმწიფოა, საერთო საზღვარი გვაქვს მასთან და თურქეთს აქვს თავისი სტრატეგიული ინტერესები საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც კავკასიის საკვანძო ქვეყანაში. —