ფაშინიანმა და ალიევმა ტრამპის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენის სურვილი გამოთქვეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იმსახურებს.

„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ღირსია. ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ინიციატივას და ხელს შევუწყობთ მის პოპულარიზაციას. ეს აშკარაა. დღევანდელი ღონისძიება ამის ნათელი დადასტურებაა“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც იგივე წინადადება გააჟღერა.

„შესაძლოა, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან ერთად შევთანხმდეთ იმაზე, რომ ნობელის კომიტეტში პრეზიდენტ ტრამპისთვის მშვიდობის დარგში პრემიის მინიჭების თაობაზე ერთობლივი განაცხადი შევიტანოთ. ჩვენ ათწლეულების განმავლობაში კონფლიქტურ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნების ლიდერები ვართ და ამ ისტორიულ დოკუმენტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს“, – დასძინა მან.