საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა – „სტაბილურზე“ შეინარჩუნა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,
როგორც გავლენიანი სარეიტინგო კომპანიის ანგარიშშია აღნიშნული, გატარებული სტრუქტურული რეფორმების შედეგად საქართველოში მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა რეგიონის ქვეყნებთან შედარებით პრუდენციულია, რამაც საბოლოოდ წვლილი შეიტანა ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაში.
„S&P Global თავის ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკაზე. დოკუმენტის მიხედვით, სტრატეგიული ნეტო შესყიდვების შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები ბოლო თვეებში გაიზარდა, რაც ძლიერი ტურისტული შემოსავლებითა და ფინანსური შემოდინებების შენარჩუნებითაა განპირობებული.
თავის მიმოხილვაში სარეიტინგო კომპანია საქართველოს საბანკო სექტორსაც აფასებს და აღნიშნავს, რომ საბანკო სისტემა კაპიტალიზაციის მაღალი დონითა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერებით კვლავ მომგებიანი რჩება.
„ჩვენი შეხედულებით, ძლიერი საზედამხედველო შესაძლებლობები, ძლიერი კორპორატიული მართველობა და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი ხელს უწყობს საქართველოს ეფექტიან საბანკო რეგულირებას, რომელიც ფართოდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს”, – აღნიშნულია სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის მიმოხილვაში.
S&P Global-ის პროგნოზით, ინფლაცია 2025 წელს საშუალოდ 3.7% იქნება. ამავდროულად, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე S&P Global-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.1%-მდე გაზარდა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.