საგარეო უწყება მიესალმება ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შორის მიღწეულ ისტორიულ შეთანხმებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის მიღწეულ ისტორიულ შეთანხმებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი კავშირების დამყარების შესახებ“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

როგორც საქართველოს საგარეო უწყება აღნიშნავს, ეს ისტორიული შეთანხმება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს და გზას უხსნის რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების ახალ შესაძლებლობებს.

„საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას და თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც მიმართული იქნება სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობისკენ.

განსაკუთრებით მივესალმებით სამხრეთ კავკასიაში ათწლეულების განმავლობაში გაჭიანურებული კონფლიქტის დასრულების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატებისა და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამორჩეულ წვლილს და ძალისხმევას.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ ისტორიულ მოვლენას ჯაჭვური რეაქციის ეფექტი ექნება შავი ზღვის რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თვალსაზრისით“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.