სლოვაკეთის პრემიერის განცხადებით, მას სუვერენული აზრი კონფლიქტის შესახებ თითქმის სიცოცხლის ფასად დაუჯდა და არ ეთანხმება უკრაინის საგარეო უწყების მტკიცებას, რომ მისი რიტორიკა უკრაინის მიმართ შეურაცხმყოფელია

სლოვაკეთის პრემიერი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა. რობერტ ფიცოს თქმით, მას სუვერენული აზრი კონფლიქტის შესახებ თითქმის სიცოცხლის ფასად დაუჯდა და არ ეთანხმება უკრაინის საგარეო უწყების მტკიცებას, რომ მისი რიტორიკა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელია.

ფიცო თვლის, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა დაამახინჯა სიტყვის თავისუფლება ევროკავშირში. უკრაინის საგარეო უწყებამ 10 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, სლოვაკეთის პრემიერის განცხადებები ეწინააღმდეგება კეთილმეზობლობის სულისკვეთებას.

“ფიცომ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა ამ კრიმინალური შემოჭრის ნამდვილი მიზეზები, ასევე აგრესორ სახელმწიფოსთან ფლირტის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე”, – ეწერა ტექსტში.