ორბანი: ევროკავშირის ლიდერებისთვის ერთადერთი გონივრული ქმედება აშშ-რუსეთის შეხვედრის მაგალითზე ევროკავშირი-რუსეთის სამიტის ინიცირებაა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს ევროპული საბჭოს ერთობლივ განცხადებას, რომელიც მომზადდა ევროკავშირის ყველა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურის სახელით ტრამპისა და პუტინის შეხვედრის წინ, რადგან „სკამიდან“ ინსტრუქციების მიცემა შეუფერებელი იყო. ამის შესახებ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

მისი თქმით, დოკუმენტი ცდილობს, დააწესოს პირობები შეხვედრისთვის, სადაც ევროკავშირის ლიდერები არც კი არიან მიწვეულები.

„ის ფაქტი, რომ ევროკავშირი განზე დარჩა, ისედაც საკმაოდ სამწუხაროა. ერთადერთი, რამაც შეიძლება სიტუაცია გააუარესოს, არის ის, თუ ჩვენ ინსტრუქციების მიცემას სკამიდან დავიწყებთ“, – დაწერა ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ იმის ნაცვლად, რომ კომენტარი გააკეთონ აშშ-ისა და რუსეთის დაგეგმილ შეხვედრაზე, ევროპელმა ლიდერებმა ევროკავშირსა და რუსეთს შორის საკუთარი სამიტი უნდა დააინიცირონ.

„ევროკავშირის ლიდერებისთვის ერთადერთი გონივრული ქმედება აშშ-რუსეთის შეხვედრის მაგალითზე ევროკავშირი-რუსეთის სამიტის ინიცირებაა“, – აღნიშნა ორბანმა.

 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის 26 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება დაამტკიცეს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.