უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთობლივ განცხადებას არ უჭერს მხარს.
მისი თქმით, განცხადებაში ლიდერები ცდილობენ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებებისთვის აუცილებელი პირობების წაყენებას, სადაც ევროკავშირის ლიდერები არც კი იყვნენ მიწვეული.
„ის ფაქტი, რომ ევროკავშირი გვერდით დარჩა, უკვე საკმაოდ სამწუხაროა. ერთადერთი, რამაც შეიძლება სიტუაცია კიდევ უფრო უარესი გახადოს, არის ის, თუ ჩვენ ინსტრუქციების მიცემას სათადარიგოთა სკამიდან დავიწყებთ“, – წერს ვიქტორ ორბანი.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთების ნაცვლად, ევროპელმა ლიდერებმა უნდა დაიწყონ ევროკავშირსა და რუსეთს შორის შეხვედრისთვის მზადება.
„ევროკავშირის ლიდერებისთვის ერთადერთი გონივრული ქმედება აშშ-რუსეთის შეხვედრის მაგალითზე, ევროკავშირ-რუსეთის სამიტის გამართვა იქნება, მიეცით მშვიდობას შანსი“, – წერს ვიქტორ ორბანი.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ „მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინის გარეშე ვერ გადაწყდება. შინაარსობრივი მოლაპარაკებები შეიძლება წარიმართოს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ან საომარი მოქმედებების შემცირების პირობებში“.
ვიქტორ ორბანს ამ განცხადებაზე ხელი მოწერილი არ აქვს.