აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს რამდენჯერმე ესაუბრა და არაფერი გამოვიდა; ახლა პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პუტინი პირისპირ უნდა ნახოს და შეაფასოს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ამ განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
რუბიო ალასკაზე 15 აგვისტოს დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტრამპს პუტინისთვის თვალებში ჩახედვა სურს, რათა გაარკვიოს, რა მიზნები აქვს მას.
რუბიომ ისიც აღნიშნა, რომ პუტინის ინიციატივით დაგეგმილი შეხვედრა ტრამპის მხრიდან რაიმე დათმობაზე წასვლას არ ნიშნავს.
„ვფიქრობ, რომ ეს შეფასებითი შეხვედრაა. სიმართლე გითხრათ, ამ შეხვედრის დაწყებიდან ძალიან მალევე გვეცოდინება, არის თუ არა წარმატების შანსი. პრეზიდენტი შესანიშნავი მომლაპარაკებელია. ადამიანური ბუნების გაშიფვრის უზარმაზარი ინსტინქტი აქვს. ასე რომ, მას ესმის, როგორ ხდება ასეთ დროს ნავიგაცია… ასე რომ, მგონი, პარასკევის შეხვედრა ასეთი ხასიათის იქნება და უკეთესი წარმოდგენა გვექნება ამაზე. მარტივი არ იქნება. ეს ომი ბევრს ნიშნავს პუტინისთვის“, – აღნიშნა რუბიომ.