პოლონეთის ხელისუფლება ქვეყნიდან 57 უკრაინელს და ექვს ბელარუსს გააძევებს, ვარშავაში, ბელარუსი რეპერის, მაქს კორჟის კონცერტზე მომხდარი არეულობების შემდეგ. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
პოლონელი პრემიერის თქმით, საუბარია სტადიონზე მომხდარ არეულობაზე, აგრესიის აქტებზე და პროვოკაციებზე.
ამასთანავე, დონალდ ტუსკმა მოუწოდა ყველას, რომ პოლონეთში ანტიუკრაინული განწყობების გაღვივება არ მოხდეს.
„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ უკრაინელების მხრიდან პოლონელების მიმართ, ან პოლონელების მხრიდან უკრაინელთა მიმართ სიძულვილის ტალღა აგორდეს. ეს იქნებოდა ისტორიული დანაშაული და წარმოუდგენელი სისულელე, ჩვენ რომ ახლა ორ ერს შორის ურთიერთობების განადგურების შესაძლებლობა რუსეთს მივცეთ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
როგორც ცნობილი გახდა, რამდენიმე ფანატმა ბელარუსი რეპერის კონცერტზე წითელ-შავი ფერების დროშა გაშალა, რომელიც უკრაინის მეამბოხე არმიასთან და უკრაინელ ნაციონალისტებთან ასოცირდება. ამ ძალებს 1943 წელს პოლონელების მასიურ მკვლელობებში ადანაშაულებენ.
საერთო ჯამში მაქს კორჟის კონცერტზე პოლიციამ 109 ადამიანი დააკავა. პოლიციის ინფორმაციით, მათ უმეტესობას ბრალი წაუყენეს ნარკოტიკების შენახვის, დაცვის თანამშრომლებზე თავდასხმის, პიროტექნიკის შეტანის და ტერიტორიაზე უკანონო შეღწევის მუხლებით.