უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ წელს უკრაინის ჯარი მნიშვნელოვნად წინ უსწრებდა მანევრირების შესაძლებლობებით რუსულ ჯარს და იმპროვიზაციაზე აკეთებდა აქცენტს. მაგრამ სამი წლის შემდეგ უკრაინის არმია ამ თვისებებს კარგავს და უფრო ხისტ, იერარქიულ საორგანიზაციო მიდგომას იყენებს, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს იღებს სათავეს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ასეთი მიდგომა დანაკარგების ზრდას იწვევს და ასევე ამის შედეგად მოსახლეობის მორალური სულისკვეთება ეცემა და არმიაში გაწვევა გართულებული ხდება. საბჭოთა წესებმა რუსეთისგან უკრაინის დაცვას შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას.
„უკრაინელი სამხედროები და ოფიცრები უკმაყოფილოები არიან, რომ ჩამოყალიბდა მართვის ცენტრალიზებული კულტურა, რომელიც ინიციატივას ზღუდავს და ხშირად ჯარისკაცებს სიცოცხლის ფასად უჯდება. გენერლები ხშირად ისეთ ბრძანებებს გასცემენ, როდესაც შეტევების არაერთხელ გამეორება არაფრის მომტანია, ხოლო დაცვაში მყოფი შენაერთების თხოვნას ტაქტიკური უკან დახევის და ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენის შესახებ ისინი უარყოფენ. დანაკარგები მატულობს ისეთ ოპერაციებში, რომლებსაც სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვთ“, – წერს WSJ.
როგორც გამოცემას უკრაინის შეიარაღებული ძალების მაიორმა, ალექსეი პასტერნაკმა უთხრა, უმაღლეს სამხედრო ეშელენებში სასწრაფო ცვლილებებია აუცილებელი.
ამასთანავე, The Wall Street Journal-ის ცნობით, რუსულ ჯარში ეს პრობლემები კიდევ უფრო სერიოზულია. იქ ადამიანებს, როგორც სახარჯ მასალას, ისე ექცევიან. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ რუსულმა ძალებმა, აქამდე, თავისი რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, გადამწყვეტი გარღვევა ვერ მოახერხეს.