დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვა თავისსავე იდეაზე, უკრაინაში გააგზავნოს 30-ათასიანი სამხედრო კონტინგენტი და დასავლეთ უკრაინის “დაცვაზე” ახდენს ყურადღების ფოკუსირებას. დიდი ბრიტანეთი ცდილობს, ნაკლები ძალებით და ხარჯებით, მოახდინოს თავისი და ნატოს გავლენის გაზრდა დასავლეთ უკრაინასა და შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში. როგორც ჩანს, აღმოსავლეთ უკრაინის დაკარგვას ყველა შეეგუა დასავლეთშიც. თუმცა უფრო დაწვრილებით მივყვეთ “ტაიმის” მასალას.
წამყვანი ბრიტანული გამოცემა “The Times” წერს, რომ ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობამ უარი თქვა უკრაინის პორტებისა და ქალაქების დასაცავად 30 000 -კაციანი კონტინგენტის გაგზავნის იდეაზე. ამის ნაცვლად, იგი გვთავაზობს „უფრო რეალისტურ მისიას“, რომელიც მოიცავს დასავლეთ უკრაინის საჰაერო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ვარაუდობენ, რომ საჰაერო სივრცის პატრულირებაში ჩართული იქნებიან Typhoon ან F-35 გამანადგურებლები. ასეთი მისიების მიზანი უნდა იყოს ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის „წახალისება“ და საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის აღდგენა.
ლონდონის წინადადება გულისხმობს, რომ კოალიციის წევრი ქვეყნები უზრუნველყოფენ ლოჯისტიკას, შეიარაღებას და სპეციალისტებს უკრაინის სახმელეთო ძალების აღდგენისა და რეორგანიზაციისთვის. უკრაინის ჯარის მომზადება ჩატარდება ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. ასევე, ინიციატივის თანახმად, მისიის მონაწილეები დაეხმარებიან შავ ზღვაში ნაღმების გაწმენდას და უზრუნველყოფენ ყველა გემის უსაფრთხო გადაადგილებას უკრაინის პორტებში და პორტებიდან.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი იყო „ნებაყოფლობითი კოალიციის“ (30-ზე მეტი ქვეყნის ასოციაცია, რომელიც საშუალებას აძლევს მათ მონაწილეობა მიიღონ უკრაინაში შესაძლო სამშვიდობო მისიაში) ერთ-ერთი ინიციატორი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ოთხშაბათს, 13 აგვისტოს, მან განაცხადა, რომ დასავლელი მოკავშირეები „მზად არიან, გააქტიურდნენ, რათა აჩვენონ, რისთვის არიან მზად “. თუმცა, ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის კრიტიკული ობიექტების დასაცავად ათიათასობით ჯარისკაცის განლაგება ძალიან სარისკოდ მიიჩნია და ერიდებიან ამდენი სამშვიდობო ჯარისკაცის გამოყოფას, რაც კოალიციის სხვა წევრებს იმედგაცრუებას უქმნის, იტყობინება Times.