შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის დღევანდელი მოლაპარაკება ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გაიმართება.
თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე(მოსკოვის დროით 22:00) დაიწყება.
ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში, სადაც დღეს, 15 აგვისტოს გაიმართება აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, უკრაინის მხარდამჭერი აქციები დაიწყო.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელთანაც ის პარასკევს, 15 აგვისტოს, ალასკაში გეგმავს შეხვედრას, საბოლოოდ დათანხმდება უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას. „მოსკოვის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების მუქარამ შესაძლოა როლი ითამაშა იმაში, რომ რუსეთის მთავრობამ ეს შეხვედრა მოითხოვა“, განაცხადა ტრამპმა ხუთშაბათს Fox News radio-სთან ინტერვიუში.
ტელეკომპანია NBC News-ის ინფორმირებული წყაროების ცნობით, ტრამპმა ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ არ აპირებს პუტინთან განიხილოს უკრაინის ტერიტორიების განაწილების საკითხი და მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა სურს.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც პრეზიდენტ ტრამპთან ონლაინ-შეხვედრაში ბერლინიდან, გერმანიის კანცლერ მერცთან ერთად მონაწილეობდა, 13 აგვისტოს განაცხადა, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრის მთავარი თემა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა იქნება.