მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში ყურადღების ცენტრში სასამართლო პროცესები იყო, სადაც ერთ დღეს მზია ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, გიორგი ახობაძე კი გაათავისუფლეს, ოპოზიციამ მაინც მოახერხა და მათ შორის განხეთქილება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიყვანა – აქციაზე მისულ “ლელოს” წევრ გრიგოლ გეგელიას ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. თუმცა გაცილებით პრობლემური ჩანს სალომე ზურაბიშვილის სტატუსი, სადაც, ფაქტობრივად, წერს, რომ თითქოს “ოცნება”“გახარიასა და “ლელოს” რეიტინგის გაზრდაზე მუშაობს. ამის პარალელურად “ოცნება”“ისევ სააკაშვილს ადანაშაულებს ომის დაწყებაში, თუმცა ცდილობს აქცენტი იმაზე გადაიტანოს, თითქოს ეს ბრალდება კონკრეტულ პირებს ეხება და არა სახელმწიფოს. იბადება კითხვა, რაში სჭირდება ხელისუფლებას ამ საკითხზე აპელირება და სიტუაციის გართულება, ამ საკითხზე პოლიტიკის ანალიტიკოს გია ხუხაშვილთან ვსაუბრობთ.
– ძალიან არაკომპეტენტური უნდა იყო, რბილად რომ ვთქვათ, ომის დაწყებაში კონკრეტული პირები დაადანაშაულო, ვინც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში, და თქვა, სახელმწიფოს არ ვერჩიო. იმდენად შორს წავიდა ხელისუფალი, რომ მრჩება შთაბეჭდილება, ტექსტებიც კი უკვე მოსკოვში იწერება. ასეთი სინქრონული განცხადებები არაერთი მოგვისმენია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ტრამპთან დაკავშირებით აქ რაღაც წერილი ქვეყნდება და დაახლოებით იმავე ტექსტს აქვეყნებს რუსი იდეოლოგი დუგინი. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ ჩვენი ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად კონტროლირებადია მოსკოვიდან. ფაქტობრივად, თამაშის წესებისა და გზავნილების ფორმირება მოსკოვში ხდება და აქ მათი აღსრულების მოწმეები ვართ. როდესაც ღალატს ასაღებ პატრიოტიზმად და ამას ვიღაცა ჭამს, უკვე საზოგადოების პრობლემაა, რადგან ამას იღებს და სჯერა.
– ფაქტია, საზოგადოების ნაწილს ხელისუფლება აწვდის იმას, რაც მას სურს. ფიქრობთ, რომ “ოცნება” კრემლიდან იღებს დავალებებს და არა საზოგადოების ნაწილის განწყობებს იყენებს? სხვა საკითხია, ეს განწყობები რატომ და როგორ გაჩნდა…
– საზოგადოების პრობლემაა, როდესაც ფაქტობრივად, ოხროკრატიული საზოგადოება ყალიბდება, სადაც გონება უნდა გათიშო და მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტით იარსებო. მერე მაგრადაც უნდა შეაშინო და თვითგადარჩენისთვის ყველაფერზე ხელი მოაწერინო. ხელისუფალი ამას აკეთებს და ეს გამოსდის კიდეც. რამდენიმე დღის წინ დაიწერა წერილი, როგორ დაამარცხა ტრამპი “დიფ სთეითმა”. საქართველოს საკითხში ამერიკაში არაფერი შეცვლილა უარესობისკენ. ჩვენი ხელისუფლება ხომ მუდმივად რაღაცაზე რეაგირებს და ახლა რეაგირების საფუძველიც კი არ ყოფილა, მაგრამ მოხდა სხვა რამ – იმ დღეს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა დაიძაბა, რადგან ტრამპმა ძალიან მკვეთრი ნაბიჯები გადადგა. ამაზე მოსკოვში ვიღაც გაბრაზდა და პირდაპირ საქართველოს მეშვეობით იყარა ჯავრი. პარალელურად მოვისმინეთ დუგინის დაახლოებით ანალოგიური განცხადებები. ამ რიტორიკის, პოლიტიკის, ეკონომიკაში მიმდინარე წესებისა და პროპაგანდისტული მატრიცის სინქრონიზაცია იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ უკვე იმდენად ღრმად ვართ რუსეთის იმპერიაში ინტეგრირებული, რომ შესაძლოა იმის საფრთხეც კი დგას, რომ პროცესი უკვე შეუქცევადია.
– ამ ფონზე მზია ამაღლობელისთვის 2-წლიანი პატიმრობის მისჯა და გიორგი ახობაძის გათავისუფლება როგორ ჯდება ხელისუფლების პოლიტიკაში?
– ის, რომ ორივე განაჩენი ერთ დღეს გამოცხადდა, ამაში აშკარად რაღაც მზაკვრული იდეა იყო ჩადებული, რათა ერთგვარად შეერბილებინათ ის ნეგატიური რეაგირება, რაც მზიას დაპატიმრებას მოჰყვებოდა, გინდა თუ არა, აქცენტი გადავიდოდა იმაზე, რომ აი, გამამართლებელი განაჩენიც ხომ გამოვიდაო. ახობაძეს ფორმალურად ნარკოტიკებზე ედავებოდნენ, თუმცა ის პოლიტპატიმარი იყო. ეს არის რეჟიმისთვის დამახასიათებელი ქმედებები, ზოგჯერ ასე გააკეთებენ, ზოგჯერ ისე, მაგრამ ყველაფერი მიდის იქით, რომ სამივე ფაზის გავლა სურთ – ავტორიტარიზმის, მერე დიქტატურის, რომლის სიმპტომებიც უკვე გვაქვს, როდესაც პოლიტიკური მოწინააღმდეგეების სისტემური დევნა იწყება, და გამოჩნდა მესამე ეტაპის ელემენტებიც, ანუ სრული ტოტალიტარიზმის, როდესაც პირადი ცხოვრების კონტროლი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ხდება. რეჟიმს ერთგვარი პოლიტიკური ბულიმია ახასიათებს – უნდა შეჭამოს ყველაფერი, პოლიტიკური მოტივის გარეშეც კი. მას მუდმივად სჭირდება კვება, მუდმივად ძალაუფლების აბსოლუტიზაციისკენ უნდა მიისწრაფოდეს და ვერ გაჩერდება. ამ გზაზე ივლის მანამ, სანამ ხალხი არ იპოვის თავის თავში ძალას, რომ შეაკავოს და სადღაც გააჩეროს. შესაბამისად, ჩვენ იმის ილუზია, რომ ხელისუფლება რაღაცით დაკმაყოფილდება, არ უნდა გვქონდეს. ჩვენ მხოლოდ მისი შეკავება შეგვიძლია, მაგრამ ამაში პრობლემები გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებში საზოგადოებისთვის სახარბიელო არაფერი ხდება. როდესაც ისედაც სუსტია ოპოზიცია და დამატებით ერთმანეთში კინკლაობით არიან დაკავებული, ცხადია, ეს ხელისუფლის წისქვილზე ასხამს წყალს. მეტსაც გეტყვით, ბოიკოტისტებმა მთავარ ამოცანად ხელისუფლების კი არა, არჩევნებში მონაწილე პარტიების დამარცხება აქციეს მთავარ სტრატეგიულ მიზნად.
საერთოდ, ქუჩას, ახალგაზრდობას ახასიათებს ემოციები, მაგრამ ამ ემოციებით მანიპულირება შეუძლიათ შედარებით გამოცდილ პირებს. ვიღაც ცდილობს ამ განწყობების კაპიტალიზაციას და ფსონს ჩამოდის ესკალაციაზე, აგრესიაზე. არჩევნებში მონაწილეობას ვინ მიიღებს და ვინ არა, ეს ტაქტიკური საკითხია, მთავარი ამოცანაა ხელისუფლების ჩამოშორება და ევროპულ გზაზე დაბრუნება. ამაში საკამათო ერთმანეთში არაფერი აქვთ, მაგრამ მზად არიან ასეთ რაღაცებზე წავიდნენ, მათ შორის, აგრესია გამოხატონ, შეურაცხყოფა მიაყენონ, ცილი დასწამონ, უაპელაციოდ დააბრალონ ყველაფერი. გამოდის, არაფრით არ სჯობიან მოწინააღმდეგეს, მეთოდები ერთი და იგივეა. ასეთ ნეგატიურ ციკლში კი ხელისუფლება სარგებლობს.
– სალომე ზურაბიშვილსაც აქვს ეჭვი, რომ “ოცნება” რუსეთის დახმარებით ცდილობს არჩევნებში მონაწილე ოპოზიციის რეიტინგის აწევას. ბოიკოტისტებს არ მოსწონთ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება, მაგრამ, როდესაც ამას ამბობს ზურაბიშვილი, რომელმაც ბოიკოტიც დაიწუნა, რას ნიშნავს?
– ჩვენ შეიძლება ათასი აზრი მოგვივიდეს თავში, ეჭვებიც გაგვიჩნდეს, ყველას აქვს ამის უფლება და მით უმეტეს, არ არის ისეთი სანდო გარემო, რომ ყველას ვენდოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რისი გამოცხადება შეიძლება საჯაროდ და რისი არა. არ ვიცი, მას ასეთი რაღაცები რატომ ემართება, ძალიან გამოცდილი ადამიანია და ასეთი რაღაცები რატომ ეშლება. მეორე მხრივ, ისიც გასაგებია, რომ ვერ ხედავს პერსპექტივას და გარკვეულწილად ემოციებს არის აყოლილი. სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა იმის რესურსი, რომ მაკონსოლიდირებელი ფიგურა გამხდარიყო ხელისუფლების ოპონირების ფლანგზე, მაგრამ ვერ მოახერხა. ურა-პოლიტიკაზე ადვილი არაფერია. ბოიკოტი ნიშნავს, რომ ფაქტობრივად გადიხარ ლეგალური სივრციდან, თან ისე, რომ პერსპექტივაც არ ჩანს. კი ბატონო, შეიძლება გახვიდე, თუ შესაბამისი გეგმა და რესურსი გაქვს, რომ რაღაც შეცვალო, მაგრამ, როდესაც ეს რესურსები არ ჩანს და შენ მხოლოდ მყვირალა რაღაცაზე გაქვს ყველაფერი აგებული, მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს.
– თქვენ ამბობდით, რომ 4 ოქტომბერს ბოიკოტისტებისა და არჩევნებში მონაწილეების გაერთიანება იყო შესაძლებელი. ამ ყველაფრის მერე, ეს სცენარი შესაძლებლად მიგაჩნიათ?
– 4 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ძალაუფლება დროებით, ერთი დღით გადადის ხალხის ხელში და ხალხს ამ დღეს შეუძლია ხელისუფალს ან გამოგლიჯოს არჩევნების გზით ძალაუფლება, ან, თუ ხელისუფალი გააყალბებს არჩევნებს, ანუ ერთგვარ სახელმწიფო გადატრიალებას მოაწყობს, უბრალოდ, ოქმებს დაწერს, ეს უკვე ქმნის იმის ლეგიტიმურ საფუძველს, რომ აქტიური წინააღმდეგობა გაუწიო, ანუ აიძულო ხელისუფლება დაბრუნდეს კონსტიტუციის ფარგლებში. ასეთი ლეგიტიმური თარიღი მხოლოდ არჩევნების დღეა. ნებისმიერ სხვა დროს ასეთ კონსოლიდირებულ მოქმედებებზე ხელისუფლებამ შეიძლება თქვას, რომ ეს სახელმწიფო გადატრიალებაა. ამ დღეს უკვე კონსტიტუციური საფუძველი იქმნება აქტიური წინააღმდეგობისთვის, თუ აქვთ ამის თავი. თუ ამის თავიც არა აქვთ, მაშინ ბოიკოტით და ფეხების ბაკუნით რა უნდა გააკეთონ?!
რაც შეეხება შანსებს, ისევ გარე ფაქტორებმა შესაძლოა რაღაც შეარბილოს და დემოკრატიისთვის თუნდაც რაღაც მცირე სარკმელი დატოვონ, თორემ ხელისუფლება რა გზითაც მიდის, გასაგებია, ის ქვეყანაში ხისტ ავტორიტარიზმს ამკვიდრებს. შესაბამისად, თუ მოხერხდა, რომ ეს პატარა სარკმელი მაინც დარჩა, ადგილობრივ არჩევნებზე რაიმე სერიოზულზე ლაპარაკი უკვე ძალიან რთული იქნება…
– არჩევნებში მონაწილეებს დავუბრუნდეთ. ითქვა, რომ ატარებენ კვლევებს თბილისის მერობის კანდიდატის შესარჩევად. ეს დაგვიანებული ხომ არ არის?
– რა თქმა უნდა, დაგვიანებულია. აქამდე უნდა გამოკვეთილიყო კანდიდატებიც და გეგმაც უნდა ყოფილიყო შედგენილი. თეორიულად კიდევ არის შანსი, მაგრამ რა კვლევებს ატარებენ, გაუგებარია. ბოლოს და ბოლოს, ის მაინც შეეძლოთ, 4-5 კანდიდატი გამოკვეთილიყო და ჩაეტარებინათ თუნდაც პრაიმერივით რამ. ახლა ყველაფერი ძალიან გაუგებარია, აქეთ ალეკო ელისაშვილი გვთავაზობს თავის თავს, იქით გახარიას გუნდიდან ვიღაც.
– მერაბ სეფაშვილის გვარიც გაჟღერდა. მის კანდიდატობაზე რას ფიქრობთ?
– შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მერაბი ძალიან კარგი მომღერალია…