გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, სერიოზულად მოეკიდოს თეთრი სახლის ხელმძღვანელის დონალდ ტრამპის წინადადებას უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შესახებ.
„უკრაინაზე უკანონო თავდასხმიდან სამწელიწად-ნახევრის შემდეგ, რუსეთს ახლა აქვს შესაძლებლობა, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები“, – აღნიშნულია გერმანიის მთავრობის მეთაურის X-ზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.
მერცის თქმით, დღეს, 15 აგვისტოს, ალასკაში ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრის მთავარი მიზანი სამიტია, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს მონაწილეობას.
„ჩვენ ველით, რომ პრეზიდენტი პუტინი სერიოზულად მიიღებს პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას მოლაპარაკებების შესახებ და ალასკაში შეხვედრის შემდეგ უკრაინასთან მოლაპარაკებებს პირობების გარეშე დაიწყებს“, – ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
კიევსა და მოსკოვს შორის პოტენციური მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით უნდა დასრულდეს, რომლის ფარგლებშიც უკრაინა უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს მიიღებს. მერცის თქმით, ტერიტორიული საკითხების მოგვარება მხოლოდ უკრაინელების თანხმობით არის შესაძლებელი.
„ეს შეტყობინებები პრეზიდენტ ტრამპს ანკორიჯში ვიზიტამდე ნათლად და ერთსულოვნად გადავეცით. მასთან კონტაქტის შენარჩუნებას ვაგრძელებ. პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია მშვიდობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.