აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი, დღეს, 15 აგვისტოს, ალასკაში მოლაპარაკებებს გამართავენ. აშშ-ის პრეზიდენტის იმედები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ბუნდოვანია, თუმცა პუტინმა შესაძლო ბირთვული შეთანხმების შეთავაზება გააკეთა, რაც ორივე მხარეს რეპუტაციის შენარჩუნებაში დაეხმარება, იუწყება Reuters-ი.
კრემლთან დაახლოებულმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ, როგორც ჩანს, ორივე მხარემ წინასწარ შეძლო გარკვეული საერთო ენის გამონახვა.
„როგორც ჩანს, გარკვეულ პირობებზე ხვალ [15 აგვისტოს] შეთანხმებას მიაღწევენ, რადგან ტრამპისთვის უარის თქმა შეუძლებელია და ჩვენც არ შეგვიძლია, უარი ვთქვათ [სანქციებით ზეწოლის გამო]“, – განაცხადა წყარომ.
Reuters-ის ცნობით, პუტინმა ცეცხლის სრულად შეწყვეტისთვის მკაცრი პირობები წამოაყენა, თუმცა ერთ-ერთი კომპრომისი შეიძლება საჰაერო ომის თანდათანობითი დასრულება იყოს.
ამასთან, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პუტინი შესაძლოა, შეეცადოს, წარმოაჩინოს, რომ თითქოს ტრამპს აძლევს იმას, რაც მას სურს, ამავდროულად კი შეინარჩუნოს მოქმედების თავისუფლება უკრაინაში ვითარების ესკალაციისთვის, თუ ამას მოისურვებს.
„თუ ისინი [რუსები] შეძლებენ ისეთი შეთანხმების მიღწევას, რომელიც რაიმე სახის ცეცხლის შეწყვეტას უზრუნველყოფს, მაგრამ კონფლიქტის ესკალაციაზე რუსეთს კონტროლს დაუტოვებს და არ შექმნის რაიმე რეალურ შემაკავებელ ფაქტორს ადგილზე, ან უკრაინის საჰაერო სივრცეში… პუტინის პერსპექტივიდან ეს შესანიშნავი შედეგი იქნებოდა“, – განაცხადა სემ გრინმა, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის დემოკრატიული მდგრადობის დირექტორმა.