უძრავი ქონება: ქირისა და გაყიდვების ფასების დინამიკა

2025 წლის ივლისში თბილისში 3,618 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2024 წლის ივლისის მაჩვენებელს 5%-ით აჭარბებს. ამის შესახებ ყოველთვიურ მიმოხილვას „თიბისი კაპიტალი“ აქვეყნებს.

საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი ფასი წლიურად 6%-ით გაიზარდა, 
ქირა 11%-ით შემცირდა

პუბლიკაციის მიხედვით, საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდმა ფასმა კვადრატულ მეტრზე 1.278 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

რაც შეეხება გასაქირავებელ ფასს, კვადრატულ მეტრზე 10.3 დოლარს გაუტოლდა, რაც 11%-ით ნაკლებია 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ საერთო ჯამში, ბაზრის მოცულობამ 307 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წლიურად 15%-ით გაიზარდა.

გარდა ამისა, „თიბისი კაპიტალი“ აღნიშნავს, რომ 2025 წლის ივლისში ახალი გაყიდვები წლიურად 7%-ით გაიზარდა და 713 ბინა შეადგინა, რაც შეეხება ძველ ბინებს, აქ განხორციელდა 2 905 ტრანზაქცია, რაც 5%-ით აღემატება გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.

როგორც „თიბისი კაპიტალი“ აღნიშნავს, ჯამური გაყიდვების უდიდესი წილი, 44%  50-დან 75 კვ.მ-მდე ბინებზე მოდის, 125 კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინები გაყიდვების 5%-ს იკავებს.