„ქუთაისის სასტუმროებიც ვცდილობთ, რომ აღმოსავლეთიდან დასავლეთში გადასასვლელი ერთღამიანი თავშესაფარი არ ვიყოთ“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, ქუთაისს აქვს შესაძლებლობა, მეტი ტურისტი მოიზიდოს და რეგიონში არსებული სანახაობების კვალობაზე, რამდენიმე დღე დაყონ ქალაქში მოგზაურებმა, თუმცა ამ დროისთვის პოტენციალი სრულად არაა ათვისებული.
„იმერეთი ერთღამიანი თავშესაფარი არ უნდა უნდა იყოს“
„ნებისმიერ ქალაქს აქვს იმხელა პოტენციალი, რომ ამის გამოყენება ჯერჯერობით არ მომხდარა. რა თქმა უნდა, უკეთესს და უფრო მეტს ვისურვებდით, მაგრამ ქუთაისში აქტიურად არის ჩართული სიახლეების დანერგვის საკითხში DMO (იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია). ჩვენც, ქუთაისის სასტუმროებიც ვცდილობთ, რომ აღმოსავლეთიდან დასავლეთში გადასასვლელი ერთღამიანი თავშესაფარი არ ვიყოთ და გაჩერდეს სტუმარი, რომ ქუთაისმა და ზოგადად იმერეთმა, პოტენციალი სრულად აითვისოს. სავსეა იმერეთი ძალიან კარგი სანახაობებით და თავისუფლად შეიძლება, ორი დღე სრულად დაიტვირთოს სასტუმროები.
იმერეთში ნელ-ნელა ვითარდება ღვინის ტურიზმი და იქმნება მარნები. თუმცა, ლოკალურად შესაძლოა, ჩვენ ვიცოდეთ, ვინ რა საქმიანობას ეწევა, მაგრამ ამას მეტი პოპულარიზაცია სჭირდება საზღვარგარეთაც; ასევე, კომუნიკაცია უნდა იყოს ტურისტულ კომპანიებთანაც, რათა შემდეგ ჯგუფურ ტურებსა და შეთავაზებებში ჩასვან იმერეთი“, – აღნიშნავს ჰოტელიერი.
მურაჩაშვილის თქმით, ადგილზე ტურიზმის განვითარებისთვის საჭიროა მეტი ბრენდული სასტუმრო და ეფექტურად განხორციელებული სარეკლამო კამპანიები.
„იმერეთში ვისურვებდი მეტ მაღალი კატეგორიის ბრენდულ სასტუმროს, რათა მაღალმხარჯველი ტურისტები შემოვიდნენ. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავიჭიროთ ფასები, მაგრამ კარგი იქნებოდა მაღალი კატეგორიის სასტუმრო, რომელიც დაიჭერს ფასს და მას გაჰყვება მთელი კურორტი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამისთვის არამარტო ბრენდული სასტუმროები, არამედ პოტენციალი სრულად გამოყენება და კარგი მარკეტინგული კამპანიებია საჭიროა“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მაია მურაჩაშვილმა.