2025 წლის ივნისში jobs.ge-ზე 7 759 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის მაისთან შედარებით 6.4%-ით მეტი, ხოლო 2024 წლის ივნისთან შედარებით 1%-ით ნაკლებია.
PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, თვიურ ჭრილში ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში (+11.1%), ხოლო ძირითად კატეგორიებს შორის ყველაზე მცირე – ფინანსების კატეგორიაში (+2.6%).
რომელ სფეროებში იზრდება მოთხოვნა და სად იკლებს?
„წლიურ ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და პროგრამირებაში (+16.0%), ხოლო ყველაზე დიდი კლება – ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში (-10.3%). 2025 წლის აპრილიდან 2025 წლის ივნისის ჩათვლით, გამოქვეყნდა 21,626 ვაკანსია, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღნიშნულ პერიოდში, ყველაზე დიდი, 15.4%-იანი, კლება დაფიქსირდა ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში.
2025 წლის აპრილიდან 2025 წლის ივნისის ჩათვლით, 4,355 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6%-ით მეტია. 2025 წლის აპრილიდან 2025 წლის ივნისის ჩათვლით, 815 ვაკანსია გამოქვეყნდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.7%-ით მეტია. 2025 წლის აპრილიდან 2025 წლის ივნისის ჩათვლით, 5,540 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.2%-ით ნაკლებია“, – ვკითხულობთ ბაზრის მიმოხილვაში.