პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ „მსურველთა კოალიციის“ წევრებთან ვირტუალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მსურველთა კოალიციის შეხვედრა ვაშინგტონში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინა დღეს დასრულდა. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ მშვიდობის მისაღწევად, ზეწოლა აუცილებელია აგრესორზე და არა აგრესიის მსხვერპლზე“, – განაცხადა სიკორსკიმ.
ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, პაველ ვრონსკიმ აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები არ შეიძლება „ბომბების ქვეშ“ წარიმართოს.
„ცეცხლის შეწყვეტა ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების პირობაა. ამ შეხვედრის მონაწილეებს შორის არსებობს ღრმა რწმენა, რომ არ უნდა ავურიოთ წესები და უნდა გვახსოვდეს, ვინ არის აგრესორი და ვინ არის ამ აგრესიის მსხვერპლი, ვის უნდა დავუჭიროთ მხარი პირველ რიგში და ვისზე უნდა განხორციელდეს ზეწოლა“, – განაცხადა ვრონსკიმ.
პოლონეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პოლონეთი და სხვა ქვეყნები აგრესორზე, ანუ რუსეთზე, ეფექტურ ზეწოლას ელოდებიან.