მაკრონი: უკრაინის არმიას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი არ უნდა დაუწესდეს შეზღუდვები რაოდენობასა და შეიარაღებაზე

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინის არმიას რაოდენობისა და შეიარაღების კუთხით შეზღუდვები არ უნდა დაუწესდეს.

მისი თქმით, ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებასთან ერთად, უკრაინას უნდა ჰყავდეს „ძლიერი არმია“, რომელიც ნებისმიერი ახალი თავდასხმის პრევენციას შეძლებს.

„უსაფრთხოების ეს გარანტიები გულისხმობს ძლიერ უკრაინულ არმიას, რომელიც შეძლებს ნებისმიერ თავდასხმას გაუმკლავდეს და წინ აღუდგეს მას. შესაბამისად, არ უნდა არსებობდეს არანაირი შეზღუდვა რაოდენობაზე, შესაძლებლობებსა და შეიარაღებაზე“, – განაცხადა მაკრონმა ჟურნალისტებთან საუბრისას თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების, უკრაინისა და სხვა ევროპელი ლიდერები ესწრებოდნენ.