აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი ორმხრივი შეხვედრის ორგანიზების პროცესში არიან.
- აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრას აუცილებლობად მას შემდეგ მიიჩნევს, რაც ორივე მათგანს ინდივიდუალურად შეხვდა.
“ისინი ამ შეხვედრის ორგანიზების პროცესში არიან, ჩვენ უნდა შევაჩეროთ მკვლელობები, ძალიან ბევრი მკვლელობაა“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, სურს ნახოს, რა მოხდება შეხვედრაზე და რომ ეს, შეიძლება, სამმხრივ სამიტამდე მივიდეს.
“ასობით ათასი, შესაძლოა, მილიონობით ადამიანი გადავარჩინე, ეს კარგი შეგრძნებაა“, – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა აღნიშნულ თემაზე საუბრისას შეხვედრის კონკრეტული ადგილმდებარეობის შესახებ კითხვებზე არ უპასუხა.
“ორივე ლიდერმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ერთმანეთთან დასხდნენ და ამიტომ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი ამაში დაეხმარება ორივე ქვეყანას“, – განუცხადა ლევიტმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
კითხვაზე, თუ როგორ შეიცვალა გეგმები – შესაძლო სამმხრივიდან ორმხრივ შეხვედრაზე – ლევიტმა თქვა, რომ “ეს იყო იდეა, რომელიც განვითარდა პრეზიდენტ ტრამპის საუბრების დროს როგორც პრეზიდენტ პუტინთან, ასევე პრეზიდენტ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან“. მისი თქმით, “ყველა თანხმდება, რომ ეს შესანიშნავი პირველი ნაბიჯია”.
ლევიტის თქმით, ტრამპი “თანხმდება” ორმხრივი შეხვედრის იდეას აშშ-ის დასწრების გარეშე.
“„საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი ყოველთვის ამბობდა, რომ ამ ომში არსებობს უთანხმოების სფეროები, რომლებიც ამ ორ ქვეყანას შორის უნდა განიხილებოდეს და გადაწყდეს. ამიტომ, მას სურს, რომ ეს ორი ქვეყანა პირდაპირ დიპლომატიაში ჩაერთოს“, – დასძინა მან.