რუსეთი ცდილობს, თავი დაიძვრინოს ორმხრივი შეხვედრისგან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას ისაუბრა. ზელენსკიმ მოუწოდა პარტნიორებს, ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე, რათა მოსკოვი დათანხმდეს უკრაინასთან შეხვედრას.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ბოლო დარტყმა ამერიკულ საწარმოზე „საჩვენებელი დარტყმა“ იყო, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო რუსეთისგან ომის დასრულებაზე მოლაპარაკებისთვის მზაობას ელოდება.
„რუსებმა ზუსტად იცოდნენ, სად ურტყამდნენ და ეს იყო სარაკეტო დარტყმა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა კონკრეტულად ამერიკულ ქონებაზე აქ, უკრაინაში, ამერიკულ ინვესტიციებზე. ძალიან საჩვენებელი დარტყმა, როგორც მთელი ეს მასშტაბური თავდასხმა. სწორედ მაშინ, როდესაც მსოფლიო რუსებისგან მკაფიო პასუხს ელის – პასუხს ომის დასრულების მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. არსებობს ორი ფორმატი, რომლითაც რეალურად შეიძლება პროგრესის მიღწევა. ეს არის ფორმატები ლიდერების დონეზე. ორმხრივი ფორმატი – უკრაინა და რუსეთი. და სამმხრივი – უკრაინა, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი. ჩვენ ეს ვაშინგტონში განვიხილეთ. პუტინმა ეს პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას განიხილა. ახლა რუსეთიდან მომდინარე სიგნალები, უბრალოდ, სიმართლე გითხრათ, უღირსია. ისინი ცდილობენ, თავი აარიდონ შეხვედრის ჩატარების აუცილებლობას. მათ არ სურთ ამ ომის დასრულება. ისინი აგრძელებენ მასობრივ თავდასხმებს უკრაინაზე და თავდასხმებს ფრონტზე. ასევე, ისინი რაკეტებს უშენენ ამერიკულ საწარმოს – ისევე როგორც ჩვენს ბევრ სხვა, სრულიად სამოქალაქო სამიზნეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიერ დაბომბვები და პროვოკაციები ნატო-ს წევრ ცალკეულ ქვეყნებში შემთხვევითი არ არის.
„ეს რუსების თავხედობაა. იმედს ვიტოვებთ, რომ პარტნიორების რეაქცია პრინციპული იქნება. ეს ომი უნდა დასრულდეს. საჭიროა ზეწოლა რუსეთზე, რომ ომი დასრულდეს. პუტინს, ძალისა და ზეწოლის გარდა, არაფერი ესმის. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის დასაცავად. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აბსოლუტურად მართალია: ეს მხოლოდ თავდაცვით არ უნდა გაკეთდეს, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ არ ვამცირებთ ჩვენს ძალისხმევას დიპლომატიაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.