ზელენსკი ნატოს გენმდივანთან შეხვედრაზე: პუტინი ყველაფერს აკეთებს, რათა ტრამპმა სანქციები არ დაუწესოს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს არ სურს ომის დასრულება და ყველაფერს აკეთებს ომის გაჭიანურებისა და აშშ-ის ახალი სანქციების თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ ზელენსკიმ 22 აგვისტოს კიევში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც რუსულ მხარესთან შესაძლო ორმხრივ შეხვედრაზე ისაუბრა.

„მას სურს ულტიმატუმის წაყენება და ულტიმატუმების წყალობით, ამ ომის დასრულების შესაძლებლობის გადადება. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა სანქციები არ დააწესოს. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მათზე ზეწოლა არ მოახდინოს“, – აცხადებს ზელენსკი.

მისივე თქმით, რუსული მხარე არ არის დაინტერესებული რუსეთ-უკრაინის სამიტის ლიდერების დონეზე შეხვედრით.

„საკითხი მხოლოდ შეხვედრაში არ არის, საქმე იმაშია, რომ მათ არ სურთ ომის დასრულება. შეხვედრა ომის დასრულების ერთ-ერთი კომპონენტია“, – განმარტა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ინფორმაციისთვის, კიევში ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე იმყოფება. რუტეს კიევში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ გავრცელებულა.