რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პროსამთავრობო პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადა. სიაში კიდევ რამდენიმე ბლოგერი და გამოცემები მოხვდა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
სერგეი მარკოვი რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური შოუების ხშირი სტუმარია, რომლებიც ფედერალურ ტელე და რადიო არხებზე ეთერში გადის.
მიმდინარე წლის ივლისში სერგეი მარკოვმა აზერბაიჯანის ქალაქ შუშაში მიმდინარე მედიაფორუმში მიიღო მონაწილეობა. იქ მარკოვმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი შეაქო. მან განაცხადა, რომ ბაქოსა და მოსკოვს შორის არსებული რთული ურთიერთობები დროებითი მოვლენაა.
ფორუმის დაწყებამდე მარკოვმა ილჰამ ალიევს „შესანიშნავი ინტელექტუალი“ და „თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ლიდერი“ უწოდა.
ამ განცხადების შემდეგ მარკოვი რუსი პროსამთავრობო ბლოგერების კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა. ასე, მაგალითად, იური პოდოლიაკამ განაცხადა, რომ მარკოვმა, როგორც პოლიტოლოგმა, საკუთარი თავი დაასამარა. ალექსანდრე კოცმა კი განაცხადა, რომ მარკოვმა სუფთა აზერბაიჯანული ნარატივები გამოიყენა, რომლებსაც რუსულ მედიასივრცეში ვერ ნახავთ.