სოსო არჩვაძე: „დიახ, ქართული ეკონომიკა პოლიტიკის მძევალია!“ – რა ელის ლარს და ეკონომიკას, თუ ევროპა უვიზო მიმოსვლას შეგვიწყვეტს

ბოლო დღეების განმავლობაში ლარი ევროსთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ყოველ შემთხვევაში, შუა კვირაში, ერთ დღეში, ნახტომისებურად გაუფასურებამ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 7 თეთრს მიაღწია. მართალია, კვირის ბოლოს გამართული ვაჭრობის შედეგად გაუფასურება ცოტა შემცირდა, მაგრამ ასეთი რყევები, ფაქტობრივად, ტურისტული სეზონის პიკზე, ბევრ კითხვას აჩენს, მით უმეტეს, ორი კვირაც კი აღარ რჩება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება-არშეჩერების შესახებ საბოლოო მსჯელობის დაწყებამდე. უკავშირდება თუ არა ამას ლარის კურსის მერყეობა და რა ელოდება ქართულ ეკონომიკას, მით უმეტეს, მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების ფონზე, ამ საკითხებზე ეკონომიკის პროფესორს სოსო არჩვაძეს ვესაუბრებით.

– აქ ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაბმული – წმინდა ეკონომიკური ფაქტორებიც, პოლიტიკური მდგენელიც, გარკვეული მოლოდინები, აღქმები ანუ სუბიექტური დამოკიდებულება. ამიტომ რომელიმე ერთი ფაქტორის გამოყოფა რთული იქნება. მაგრამ მთლიანობაში ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ძირითადი ვალუტის ანუ დოლარის მიმართ ლარი პოზიციებს ინარჩუნებს და ტაქტიკურ წარმატებასაც აღწევს, სამხედრო ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ. ამაში როგორც ეკონომიკის ზრდა მონაწილეობს, ისე სეზონურ ფაქტორსაც ნუ დავუკარგავთ თავის წვლილს, იმიტომ, რომ ზაფხული, როგორც წესი, ტურისტული სეზონია და დამსვენებელთა რიცხვი იმატებს, დიდი რაოდენობით უცხოელია შემოსული და როგორც იტყვიან, ჯიბეში ხელს ცოტა ღრმად იყოფენ. ეს კი ნიშნავს, რომ მეტ ადამიანს სჭირდება მეტი სურსათი, დასასვენებელი სივრცე, სასტუმრო, გართობის საშუალება და ა.შ. ეს ყველაფერი ითხოვს შესაბამის ხარჯებს, მეორე მხრივ კი შესაბამის შეთავაზებას. ერთობლივად ეს ყველაფერი ზემოქმედებს ფულად სისტემაზე, რაც მერე სტატისტიკის სამსახურის მონაცემებში აისახება და საბოლოო ჯამში ეკონომიკის ზრდაში ნახულობს გამოხატულებას. ამიტომ ამ მიმართულებით საკმაოდ პოზიტიური შედეგები გვაქვს და იმედია, კვლავაც გაგრძელდება. თუმცა საზოგადოების ყურადღება და მათ შორის, მედიასაშუალებების, უფრო პოლიტიკურ ასპექტებზეა კონცენტრირებული და ეკონომიკა, უფრო სწორად, ეკონომიკის მიმართ საზოგადოების ყურადღება შედარებით ჩრდილშია მოქცეული. საბოლოოდ კი ბაზისური ურთიერთობები განსაზღვრავს, ანუ კლასიკური ტერმინოლოგიით რომ ვისარგებლოთ, ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას და ამ ყოფიერებას სჭირდება ადეკვატური მატერიალური სივრცე და უზრუნველყოფა. ეკონომიკაც ამის საფუძველს, ჯერჯერობით მეტ-ნაკლებად წარმატებით იძლევა.

– ანუ თქვენ ამ ეტაპზე ლარის, თუნდაც ევროსთან შედარებით გაუფასურებაში პოლიტიკურ ფაქტორს გამორიცხავთ და მთლიანად ეკონომიკურ ფაქტორებზე აკეთებთ აქცენტს?

– არა, ძალიანაც რომ გვინდოდეს, პოლიტიკურ ფაქტორებს ვერ გამოვრიცხავთ. პოლიტიკა თავისთავად იმდენად დიდ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, რომ გაცვეთილი ფრაზა, ეკონომიკა პოლიტიკის მძევალიაო, რეალობაში ერთმნიშვნელოვნად გამოიხატება. თვით ის ფაქტი, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მოთხოვნით ნატოს წევრი ქვეყნები, ზოგი ნებით და ზოგი იძულებით, გახადეს ვალდებული, რომ თავიანთი სამხედრო ბიუჯეტი მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ უახლოეს წლებში, სწორედ იმას ადასტურებს, რომ ეკონომიკა მაინც პოლიტიკის სურვილებს, მოთხოვნებსა და პრინციპებს ითვალისწინებს და ექვემდებარება. საქართველოშიც ვერ ავუვლით გვერდს ამ ვითარებას.

– დღეს ქართულ რეალობაში ეკონომიკისთვის რა არის გადამწყვეტი, მოახლოებული არჩევნები, თითქმის ერთწლიანი შეუწყვეტელი პროტესტი და ის დაძაბულობა, რაც ამის გამო არსებობს ქვეყანაში, თუ კიდევ სხვა რამ?

– ალბათ, გაგვიჭირდება ერთად და ცალ-ცალკე იმის დათვლა, რამდენი არჩევნები ჩატარდა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ხან ერთი სახელწოდების პარტია იყო ხელისუფლებაში, ხან მეორე და ხან ერთი იყო ოპოზიციაში და ხან მეორე, მაგრამ დაპირისპირება ყოველთვის მწვავე იყო და ვერ ვიტყვით, რომ ახლა რამე ახალი ხდება. ფაქტობრივად ეს არის მოცემულობა, რომ ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ოპოზიციისა და ხელისუფლების ინტერესთა ჭიდილი მუდმივად არის. მთავრდება ერთი საარჩევნო ციკლი, იწყება მეორე და იმის იმედი, რომ საარჩევნო ციკლი დასრულდება, რაღაც დაფიქსირდება, ვითარება რაღაც სტატუს-კვოს მიიღებს და ამის შემდეგ წყნარ კალაპოტში განვითარდება სიტუაცია, ვფიქრობ, ამის იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს. ეს ისეთივე პროცესია, როგორიც მდინარის გადინება ხეობაში. მთავარია, წყალდიდობა არ მოხდეს, მდინარე კალაპოტიდან არ გადავიდეს და გარშემო ტერიტორიები არ დატბოროს. დღეს ასეთი მდგომარეობაა – პოლიტიკურ ბრძოლებში მიღებული და მიუღებელი ფორმებით დაპირისპირებით ქართველ საზოგადოებას ვეღარ გააკვირვებ.

– რამდენიმე თვის წინ პროტესტს არსებითი გავლენა ჰქონდა ეკონომიკაზე, რომ არაფერი ვთქვათ პოლიტიკაზე. დღეს ამ გავლენას როგორ შეაფასებთ და გამორიცხავთ თუ არა, რომ ევროს გაუფასურება თვის ბოლოს ევროკავშირში დაგეგმილ გადაწყვეტილებასთან იყოს კავშირში?

– როგორი არასასიამოვნო მოსასმენიც უნდა იყოს, გნებავთ ოპოზიციისა და გნებავთ ხელისუფლებისთვის, ეკონომიკას აქვს თავისი განვითარების კანონზომიერება, რომ

საზოგადოების თითოეულ წევრს, მის სოციალ-ეკონომიკურ ჯგუფებს თვითშენახვისა და გადარჩენის ინსტინქტი გაცილებით ძლიერ აქვთ განვითარებული, ვიდრე ამ პოლიტიკური ხედვების ან კონცეფციების ტყვეობაში ყოფნა.

ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ თვალყურს ვადევნებთ ერთი პარტიიდან მეორეში გადასვლას, გაერთიანებას ან დაშლას და ა.შ. ეს ყველაფერი დუღილის პროცესია და ამას გვერდს ვერ ავუვლით, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ეკონომიკას სჭირდება მეტად დინჯი გონება და პერსპექტივაზე გათვლა. ნებისმიერი ბიზნესმენი თავის გეგმებს ერთსა და ორ დღეზე კი არა, გრძელვადიან პერიოდზე აგებს. ერთ-ორ დღეზე მხოლოდ ლუარსაბ თათქარიძე აგებდა, ვახშამი ხომ გადავაგორეთ და ახლა ხვალინდელ დღეზეც ვიფიქროთო. წარმატებაზე ორიენტირებულ ბიზნესს, ეკონომიკაში ჩართულ პირებს კი აქვთ გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლები და აქ პოლიტიკური მოთხოვნა, კონიუნქტურა, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს, მაგრამ საბოლოო ჯამში განვითარების მიმართულებას, მეინსტრიმს მაინც ვერ ცვლის.

– არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანია არის შესატყვისი იმ ეკონომიკური და სოციალური პრობლემების, რაც დღეს ქვეყანაშია? მით უმეტეს, ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც მაინც ადგილობრივ პრობლემებზეა მიბმული, რამხელა პოლიტიკური მნიშვნელობაც არ უნდა მივანიჭოთ. რაზე შეიძლებოდა მათი მხრიდან მეტი ყურადღების გამახვილება, თუნდაც არჩევნების სპეციფიკის გათვალისწინებით?

– აქ შეიძლებოდა ადგილობრივი ინტერესების უფრო მეტად წარმოჩენა და, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით ვერტიკალური მართვის პრობლემებს. ამიტომ, ჩემი აზრით, ეფექტიანი იქნებოდა ისეთი ღონისძიებების შეთავაზება, რომელიც გაზრდიდა დე იურე და დე ფაქტო ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების რეალურ ძალას. პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა საგადასახადო შემოსავლების უფრო ოპტიმალურად გადანაწილების აუცილებლობაზე ყურადღების გამახვილება. თბილისი რომ ავიღოთ, რომელიც უმსხვილესი მწარმოებელია და მასზე მოდის საქართველოს ეკონომიკის თითქმის ნახევარი ბიზნესის ბრუნვისა და წარმოებული პროდუქციის თითქმის 3/4, ისიც კი ცენტრალური ბიუჯეტიდან იღებს სუბსიდირებას – თითქმის ნახევარს სულ თვითმმართველობებისთვის გამოყოფილი სახსრებიდან, რაც ქვეყანაში შეგროვებული მთლიანი დღგ-ის 19%-ს შეადგენს. ამიტომაც საჭიროა ამ მიმართულებით გარკვეული შეთავაზებები და მოსახლეობის იმით დაინტერესება, რომ თანდათანობით მოხდეს თვითმმართველობებისთვის გადანაწილება, რომ რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების განკარგვისა და გამოყენების ექსკლუზიური უფლება ჰქონდეს არა იმდენად ეკონომიკის სამინისტროს, რამდენადაც თვითმმართველობის ორგანოებს, რათა გლეხი გაზაფხულზე მიწის დასამუშავებლად რომ გავა, ეს მიწა არ აღმოჩნდეს უკვე სხვის მფლობელობაში, მით უმეტეს, საქართველოს არამოქალაქის. ანუ თვითმმართველობის საკითხების დაკავშირება შეიძლება პოლიტიკასთან, ეკონომიკასა და ფინანსურ რეგულირებასთან. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ერთი კრიალოსნის მარცვლებია და ასე ყალიბდება ის ნამდვილი დემოკრატია, რისკენაც დეკლარირებულად თუ რეალურად ჩვენ ყველანი ვცდილობთ წავიდეთ.

– დღეს რა კამპანიასაც ვხედავთ როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მხრიდან, თქვენი შეფასებით როგორია?

– გულახდილად რომ გითხრათ, გადამლაშებულია კრიტიკა და ბრალდებები. ამაზე სულ ის ფრაზა მახსენდება, ერთ ფილმში რომაა, ამ სახელმწიფოს როგორ უდგას სულიო. სინამდვილეში ეს უფრო პოლიტიკური ბრძოლის ფორმებია. გავიხსენოთ, როგორი ლექსიკით ამკობდნენ თუნდაც აშშ-ის წინა არჩევნების პერიოდში ჰილარი კლინტონისა და მისი ოჯახის ქმედებებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ჩაიარა არჩევნებმა და ეს ყველაფერი მიწყნარდა – ანუ ეს ყველაფერი პოლიტიკური ბრძოლის უკვე დამკვიდრებული ფორმაა. მე არ ვიტყოდი, რომ ეს მისაღები და მოსაწონია, მაგრამ ის ნათქვამი, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას, აქაც აღებული აქვთ როგორც ბრძოლაში წარმატების მიღწევის მთავარი საშუალება. ეს შეიძლება შევადაროთ იმას, როდესაც რესპექტაბელური ჯენტლმენები მოლაპარაკების მაგიდას უსხედან, ერთმანეთსაც უღიმიან და ამ დროს ერთმანეთს წვივებში მოკასინებს ურტყამენ. დაახლოებით ასეთი მდგომარეობაა ჩვენთან, ღიმილსაც კი არ იყენებენ და ორმაგად ურტყამენ ერთმანეთს, მაგიდის ქვემოთაც და ზემოთაც, არაჯენტლმენურად იქცევიან. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ყველაფერი ნელ-ნელა შეიცვლება, მეთოდები დაიხვეწება იმის გაცნობიერებით, რომ ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და ის რესურსები, რაც ერთ და მეორე მხარეს არის, უნდა ჩავაყენოთ საქართველოს სამსახურში.

არა გვაქვს იმის ფუფუნება და უფლება, რომ ზედმეტი დაპირისპირებით დავაზიანოთ ქვეყანა, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა და მით უმეტეს, მომავალი.

– თვის ბოლოს ევროკავშირის გადაწყვეტილებას ველოდებით უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, შეიძლება თუ არა უვიზო რეჟიმი შეგვიჩერდეს და ეკონომიკური თვალსაზრისით რა შედეგებს მოიტანს ეს?

– არ გამიკვირდება, რომ შეაჩერონ და არც ის, რომ გაგრძელდეს. ყველაფერია მოსალოდნელი და ამაზე წინასწარ მკითხაობა ძალიან უმადური საქმეა. რაც შეეხება ეკონომიკურ ფაქტორს, მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც თქვა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ცალსახად უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე, მაშინ, როდესაც იყო განსხვავებული მოსაზრებები. ეკონომიკას სჭირდება მეტი თავისუფლება. მგონი, თქვენთან ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მაქვს ნათქვამი ამერიკული გამოთქმა, რომ ამერიკული ეკონომიკა ვითარდება ღამით, როდესაც მთავრობას სძინავს. ეს მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ ბიზნესი შინაგანად თავისუფალია, მას სჭირდება თავისუფალი მოძრაობა, ნაკლები რეგულაცია, მით უმეტეს, ადამიანთა შორის ურთიერთქმედების ფორმატში. ამიტომაც ცალსახაა, რომ ღმერთმა არ ქნას და,

ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მოჰყვება ძალიან ბევრი ნეგატიური ფაქტორი, მათ შორის ლარის კურსთან დაკავშირებით. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მღელვარება ჩაცხრეს, საქართველომ შეინარჩუნოს ის სიკეთეები, რაც ვიზალიბერალიზაციას აქვს მოტანილი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებისთვის.

– ევროკავშირის მხრიდან იყო კონკრეტული პირობები, რაც უნდა შესრულებულიყო, მაგრამ აქამდე არაფერი შესრულებულა. დღევანდელ ხელისუფლებას დარჩენილ დროში შეუძლია რაიმე ისეთი ქმედითი ნაბიჯის გადადგმა, რომ ვიზალიბერალიზაცია არ შეჩერდეს?

– ნათქვამია, რომ ტაში ორი ხელით იკვრება და მხოლოდ ერთი მხარის სურვილი და ძალისხმევა არ არის საკმარისი, ორმხრივი და თანხვდენილი პროცესი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ორივე მხრის ნებაზეა ეს დამოკიდებული და მინდა დავიჯერო, რომ ჩვენს ხელისუფლებას აქვს რესურსი, კომპეტენცია და ხედვა, რომ რაც მას ხელეწიფება, ყველაფერს გააკეთებს, რათა ამ მიმართულებით ნეგატიური პროცესები არ განვითარდეს.

– ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით რა არის მოსალოდნელი? რისთვის უნდა იყოს მოსახლეობა მზად?

– ეს რთული შეკითხვაა და ძნელია კონკრეტული პროგნოზების გაკეთება. მოსახლეობას თვითშენახვისა და გადარჩენის ინსტინქტი საკმაოდ ძლიერად აქვს განვითარებული და ყველაფერს აკეთებს, რომ ნეგატიური მოვლენები შეამციროს და წინა პლანზე პოზიტიურმა პროცესებმა წამოიწიოს. საქართველოს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ წარმატება ჰქონდეს როგორც რეალურ სექტორში წარმოების მხრივ, ასევე მომსახურების სფეროში.

ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით დაწყებული საუბარი არ არის ერთი და ორი დღის ამოცანა. აქ მთელი ლოჯისტიკის დალაგებასა და სატრანსპორტო არტერიის გახსნას დიდი დრო სჭირდება და ეს დრო საქართველომ უნდა გამოიყენოს, რათა ჩვენს ტერიტორიაზე გამავალი ტვირთების სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქციები მთლიანად იქნეს ამ პერიოდში გამოყენებული, რომ არა მარტო გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკის მოცულობა, არამედ ხაზი გავუსვათ საქართველოს ეკონომიკის, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობის მნიშვნელობას; რაც მთავარია, სამეწარმეო უნარ-ჩვევების იმ მიმართულებით განვითარებას, რაც უზრუნველყოფს სწორედ წარმოებისა და მომსახურების სფეროში უპირატესობებს და შედარებით ნაკლებად ორიენტირებას იმ ტიპის შემოსავლებზე, რაც დღეს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდებარეობას მოაქვს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ სარგებლის მიღება უფრო ჯანსაღ კონკურენტულ ბრძოლაში, ვიდრე იმის გათვალისწინებით, რომ აი, საქართველოს გვერდს ვერ აუვლიან და საქართველოს შეუძლია სატრანსპორტო მომსახურების გაწევისთვის მაღალი ტარიფებით დამატებითი შემოსავალი მიიღოს. საქართველომ უნდა ისწავლოს, შედარებით დაბალი ტარიფებით კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება, მიიღოს რეალური სარგებელი და ამით დაამტკიცოს, რომ ის არის არა მარტო მართლაც ხელსაყრელი გეოპოლიტიკური ტერიტორიის განმკარგავი სახელმწიფო, არამედ ქვეყანაც, სადაც მაღალი სამეწარმეო კულტურა არსებობს, არის მაღალი შრომის ნაყოფიერება და ადამიანები სარგებელს ნახულობენ სწორედ ამ ჯანსაღი კონკურენციისა და სამეწარმეო სულისკვეთების მეშვეობით. ამ მიმართულებით არის საჭირო მუშაობა. ჩვენ უნდა შევძლოთ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში უფრო მეტი გავაკეთოთ ქვეყანაში შრომის კულტურის, წარმოების კულტურისა და სამეწარმეო სულისკვეთების განვითარებისთვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღეს საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება და ისინი არა მხოლოდ სამშობლოში ფულად ტრანზაქციებს ახდენენ, არამედ იქ გარკვეულ სამეწარმეო და შრომით კულტურასაც იძენენ. ცხადია, ყველა არა, მაგრამ არის ისეთი კატეგორია, რომელიც სწორედ ამ მაღალი შრომითი კულტურის ურთიერთობებს სწავლობს და სახელმწიფო სტრატეგია იმ მიმართულებითაც უნდა იყოს მომართული, რომ მოხდეს ამ ადამიანებისმათი თანდათანობით საქართველოსკენ გადმობირება. იმისთვის, რომ მათ არა მარტო ფულადი ფორმით დაგროვილი კაპიტალი შემოიტანონ საქართველოში, არამედ სამეწარმეო ცოდნა და კონკურენტულ ბრძოლაში წარმატების მიღწევის უნარიც და ამით ქვეყანას ფასდაუდებელი სამსახური გაუწიონ. თუ ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ, რა თქმა, ამით ჩვენს უპირატესობებს მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ.