Numbeo-მ თბილისსა და ერევანში ცხოვრების ღირებულების ინდექსის განაახლა. კვლევითი ორგანიზაცია რიგი ინდიკატორების მიხედვით ერთმანეთს ადარებს საქართველოსა და სომხეთის დედაქალაქებში ცხოვრების ფასებს.
მონაცემები აჩვენებს, რომ ერევანში ცხოვრების ღირებულება, ქირის გამოკლებით, 18.8%-ით ძვირია, ვიდრე თბილისში. ქირის ფასების ჩათვლით კი, თბილისში 13.9%-ით ნაკლები ჯდება ცხოვრება, ვიდრე ერევანში.
უფრო კონკრეტულად, Numbeo-ს კვლევით, ერთი და იგივე სტანდარტებით ცხოვრებისთვის თვის განმავლობაში თბილისში ქირის ფასის ჩათვლით საჭიროა დაახლოებით 8 400 ლარი, სომხეთში კი 1 361 325 სომხური დრამი (9 571 ლარი).
უშუალოდ ქირის ფასებს რაც შეეხება, მონაცემების თანახმად, ერევანში ქალაქის ცენტრში ერთოთახიანი ბინის ქირავნობის ფასი თვეში 286 190 სომხური დრამია (2 012 ლარი), თბილისში კი 1 922 ლარი. სამოთახიანი ბინის ქირის ფასი ცენტრალურ უბანში, საქართველოს დედაქალაქში 3 697 ლარს შეადგენს, სომხეთის დედაქალაქში კი 484 090 სომხურ დრამს (3 403 ლარი).
რაც შეეხება უძრავი ქონების გასაყიდ ფასს, 1 კვ.მ-ს ერევნის ცენტრში საშუალოდ 9 864 ლარად (1 403 121 სომხური დრამი) იყიდით, თბილისის ცენტრში კი 5 838 ლარად. გარეუბანში თბილისის შემთხვევაში ფასები 3 542 ლარია, ერევანში კი 4 568 ლარი (649 750 სომხური დრამი).
ამასთანავე, Numbeo-ს მონაცემების მიხედვით, სომხეთში რესტორანში სადილი 4%-ით მაღალია, სურსათის ფასები 5.4%-ით ძვირი, ხოლო მსყიდველობითი უნარი 22.7%-ით დაბალია, ვიდრე საქართველოში.
დაბოლოს, ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გადასახადების გამოკლებით 11.9%-ით მეტია, ვიდრე სომხეთში. სომხეთის შემთხვევაში საშუალო ხელფასი 1 517 ლარია (215 777 სომხური დრამი), საქართველოში კი 1 721 ლარი.