2023 წელს გაფორმებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უნდა მომხდარიყო ხიდზე სადეფორმაციო ნაკერებისა და ხიდის სავალ ნაწილზე ჰიდროიზოლაციის მოწყობა. ახალი სახიდე გადასასვლელის მოწყობაზე დოკუმენტში ჩანაწერი კი მხოლოდ 2025 წლის 15 აგვისტოს გაჩნდა.
„შევიდეს ცვლილება შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის 2023 წლის 12 დეკემბერს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ე.ტ.№106-23 ხელშეკრულებაში (შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოები) (შემდგომში – ხელშეკრულება) და ხელშეკრულებას დაემატოს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის, კმ26 (25+800) მონაკვეთზე, მდინარე არაგვზე არსებული სახიდე გადასასვლელის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებისთვის განკუთვნილი საპროექტო დოკუმენტაცია თანდართული რედაქციით“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც შესყიდვების ვებგვერდზე 2025 წლის 15 აგვისტოს არის გამოქვეყნებული.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2023 წლის ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობას. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ახალი ხიდის პროექტი 2024 წელს მომზადდა. 2023 წლის დეკემბერში „კავკასუს როუდ პროჯექტ“-თან დადებულ ხელშეკრულებაში ამ დროისთვის შესულია 20 ცვლილება. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში ახალი სახიდე გადასასვლელის მოწყობაზე ჩანაწერი გაჩნდა, შესყიდვის ღირებულება არ შეცვლილა და ამ დროისთვის ისევ 40 მლნ ლარს შეადგენს, რაც მთლიანად შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე უნდა დაიხარჯოს. რაც შეეხება კონკრეტულად აღნიშნულ სახიდე გადასასვლელს, როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ახალი ხიდის მშენებლობისთვის გამოყოფილია 15 მილიონ ლარზე მეტი.
„ამ ეტაპზე მოწყობილია სახიდე გადასასვლელის ორი შუალედური და ერთი განაპირა ბურჯი და მიმდინარეობს მეორე განაპირა ბურჯის მშენებლობის სამუშაოები. სამშენებლო სამუშაოები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის“, – განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
რაც შეეხება ვადებს, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს აცხადებდნენ, ახალი გზით სარგებლობა მომავალი წლიდან იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2025 წლის აპრილში ახალი გზის მშენებლობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) გარეშე მოითხოვა. ეს მოთხოვნა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მაისში დააკმაყოფილა და დეპარტამენტს ხიდის გამარტივებული სანებართვო წესით მშენებლობის ნება დართო.
„სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება ფორს-მაჟორულ სიტუაციაში კერძოდ არსებული სახიდე გადასასვლელი არ ექვემდებარება შეკეთებას და მიღებულია გადაწყვეტილება არსებული ხიდის პარალელურად აშენდეს ახალი ხიდი და შემდგომ მოხდეს არსებულის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია“, – ვკითხულობთ კონტრაქტში.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტ“-ი 2010 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი არის პაატა ტრაპაიძე.
ინფორმაციისთვის, არაგვზე ხიდი 1973 წელს აშენდა. ხიდის სავალი ნაწილი ხშირად ზიანდება, რის გამოც პერიოდულად უტარდება აღდგენითი სამუშაოები. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, „არსებული ხიდის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ხიდის რეაბილიტაცია ვერ უზრუნველყოფს მის სრულყოფილ აღდგენას და საჭიროა უფრო მასშტაბური სამუშაოები, რაც გამოიწვევს ხიდის ჩაკეტვას ერთ წელზე მეტი პერიოდით. რადგან ხიდს არ აქვს ალტერნატიული მარშრუტი და გადაადგილების ასეთი შეზღუდვა მნიშვნელოვან შეფერხებას შექმნის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, უმოკლეს ვადებში მომზადდა მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი“.