ქართველი სკინჰედები პოლიტიკაში, გარე ძალების გამოსაყენებელ „სასარგებლო იდიოტებად“ ჩამოაყალიბეს ერთი მიზნით, რომ დასავლეთიდან დაფინანსებული იდიოტების ხელით შეარყიონ ქვეყნის რეპუტაცია, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, იმედის მომცემი ის არის, რომ ასეთი ხალხი დღევანდელ საქართველოში აბსოლუტურ უმცირესობაშია.
„სკინჰედებად ქცეული ქართველი „პატრიოტები“
მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დიდ ბრიტანეთში გაჩენილი სკინჰედების მოძრაობა („სკინ ჰეად“-ი – მელოტი თავი) ჯერ ფეხბურთის გულშემატკივართა მოჩხუბარ გაერთიანებად ჩამოყალიბდა, შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით გავრცელდა და ბოლოს ულტრანაციონალისტური სახე მიიღო.
ისინი შიშის ზარს სცემდნენ მათ ქვეყნებში მცხოვრებ ან სტუმრად მყოფ უცხოელებს, ხშირი იყო ჯოგად მოთარეშე სკინჰედების თავდასხმები მათზე, სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენებით და მკვლელობებით. რატომღაც ეს ფაქტები გამახსენდა, როდესაც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია და ვიდეო სადაც ქართველი „პატრიოტები“ თავს დაესხნენ რუსად მიჩნეულ რომელიღაც ახალგაზრდას. ამაზრზენია, როდესაც ჯოგად გადაქცეული ადამიანთა ერთობა მტრად ან უბრალოდ, მიუღებლად მიჩნეულ ადამიანს ან ადამიანებს ფიზიკურად უსწორდება, მაგრამ ორმაგად ამაზრზენი და საშინელია, როდესაც ამას ჯოგად ქცეული ეს ერთობა აკეთებს პოლიტიკური მიზნებით და რომლის შეფუთვასაც ცდილობს ამაღლებული, წმინდა გრძნობის სახელით, რასაც პატრიოტიზმი ჰქვია. ძნელია დაიჯერო, რომ ამ „პატრიოტების“ აბსოლუტურ უმრავლესობას (მით უმეტეს, მათ ლიდერებსა და წამქეზებლებს) არ ესმოდეს, თუ რამხელა ზიანს აყენებენ ქართულ სახელმწიფოს, როდესაც ცდილობენ საქართველო წარმოაჩინონ არეულობის, არასტაბილურობისა და შეუწყნარებლობის ქვეყნად.
კეთილშობილურ ლოზუნგებს ამოფარებულნი მიზანმიმართულად ცდილობენ ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას, ტურისტებისათვის საქართველოს საშიშ ქვეყნად, ხოლო ქართველების ქსენოფობებად წარმოჩენას. მცირერიცხოვანი, მაგრამ ეს აგრესიული და აქტიური ჯგუფები არც მალავენ, რომ მათი სურვილი და მიზანიც სწორედ ისაა, ნებისმიერი გზით საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე რაც შეიძლება უარყოფითად წარმოჩინდეს, შექმნან სურათი, თითქოს საქართველოს ხელისუფლება უზურპირებული აქვს ანტიდასავლელ დამნაშავეთა ჯგუფს, რომელსაც არ გააჩნია ხალხის მხარდაჭერა და ამიტომაც ის თითქოს ვერ აკონტროლებს სიტუაციას, აპატიმრებს უდანაშაულო ადამიანებს, ხდება ილუზორული წარმოჩენა თითქოს მთელი საქართველო გადაქცეულია ერთ დიდ საპროტესტო ადგილად, სადაც ქაოსი და არეულობაა, ჩამორღვეულია ეკონომიკა, საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს არჩევნების შედეგებს და ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან საქმის დაჭერა არ შეიძლება, ცხადია, ასეთ ქვეყანასთან არც ეკონომიკური და კულტურული კავშირებია მისაღები, ტურიზმი კი უბრალოდ საშიშია.
მოკლედ, რაც უარესია, მით უკეთესია მათთვის. მათივე დაუსაბუთებელი მტკიცებით არჩევნები უზურპირებული აქვთ „ცუდებს“, რომლებიც ტერორით აიძულებენ ხალხს მათთვის მხარდაჭერას, „კარგები“ იძულებულნი არიან ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის გეგმები შეიმუშაონ, რადგან ასე სურს ქვეყნის მოსახლეობის “უმრავლესობას”. ასეთი სურათის („კარწინკის“) წარმოჩენას ემსახურება პროპაგანდისტული მედიის მთელი არმია, სოციალურ ქსელებში დაქირავებული ტროლები და ბოტები კი ცდილობენ შექმნან ილუზია, რომ თითქოს მოქალაქეთა უმრავლესობა სწორედ ასე ფიქრობს.
აი, ასეთ ქმედებებს ეძახიან „პატრიოტები“ ეროვნული ინტერესების დაცვისაკენ მიმართულ პოლიტიკას. წლებია ასე გრძელდება და როდესაც ხედავენ, რომ ასეთ „ეროვნულ მოღვაწეობას“ შედეგები არ მოაქვს, ამიტომაც ცდილობენ ახალ ახალ გზების მოძიებას და ამ ძიებაში სულ უფრო მარგინალიზდებიან. სწორედ ამან გამოიწვია მათი გადაქცევა ქართველ სკინჰედებად. საინტერესო ისაა, რომ არც დასავლეთში და არც რუსეთში იქაურ სკინჰედებს არ ჰქონიათ პრეტენზია პოლიტიკოსობაზე. ეტყობა, ეს გარედან დაფინანსებული და მართული “ქართული” ფენომენი, ულტრარეაქციული ქსენოფობიური იდეები შეთავსებადი გახადეს პოლიტიკასთან.
ვინც კვლავაც ცდილობს ამ ყველაფრის ვერ დანახვას ან ვერ ხედავს ნაყიდი „პატრიოტების“ ვერაგი „მოღვაწეობის“ სავალალო შედეგებს, ისინი ამათთან ერთად აშკარად მტრობენ ქვეყნისას (და არა ხელისუფლებისა), ასეთი ხალხი შინაგანად ამართლებს მსგავს ქმედებებს, რადგან ჭარბად აქვთ მიღებული ლიბერალ-ფაშისტური იდეოლოგიის მაქსიმალური დოზები და თვითონ თუ არ ახორციელებენ ასეთ ქმედებებს, გულში მაინც თანაუგრძნობენ სკინჰედებად ქცეულ ასეთ პოლიტიკოსებს.
მთავარი ის არის, რომ ქართული სკინჰედობა არ არის ბუნებრივად წარმოშობილი, ის გარედანაა დაფინანსებული ქვეყნის ეკონომიკის ჩამოსაშლელად, ქართველი სკინჰედები პოლიტიკაში, გარე ძალების გამოსაყენებელ “სასარგებლო იდიოტებად” ჩამოაყალიბეს ერთად ერთი მიზნით, რომ დასავლეთიდან დაფინანსებული იდიოტების ხელით შეარყიონ ქვეყნის რეპუტაცია, ჩამოშალონ ეკონომიკა და დაამხონ არასასურველი ხელისუფლება
მათი დამფინანსებლებისთვის მთავარი მიზანი ქვეყნისათვის პოლიტიკური, ეკონომიკური და რეპუტაციული ზიანის მიყენებაა, რასაც უნდა მოჰყვეს ქართველების პაპუასებად წარმოჩენა, ეკონომიკის ჩამოშლა და საბოლოო ჯამში – ხელისუფლების დამხობა. ამ სქემის განხორციელების თეორიული ბაზა და მეცნიერული ნაშრომები რამდენიმე ათწლეულის წინ შეიქმნა, რის საფუძველზეც არაერთ ქვეყანაში მოხდა „მშვიდობიანი რევოლუციის“ („ვარდების“, „ტიტების“, „ნარინჯისფერი“ და ა. შ.) სახელით შეფუთული სახელმწიფო გადატრიალებები, რომლებსაც ამზადებენ და წვრთნიდნენ სოროსის ფონდიდან დაფინანსებული ზოგიერთი ენჯეოები, ამასვე ემსახურებოდა აკერმანის და სხვათა ტრენინგები, ხოლო „ოტპორი“, „კმარა“ და სხვა ორგანიზაციები ამ გადატრიალებების ინსტრუმენტები იყვნენ. დღესაც გამალებით მიმდინარეობს სასარგებლო იდიოტების გამოყენებით ქვეყნის გადატრიალებისა და ჩამოშლის მცდელობა.
ეს ყველაფერი ძალიან ცუდია ვინაიდან მართლაც აზიანებს ქვეყანას და მუდმივად არყევს ეკონომიკას, მაგრამ კარგია და იმედის მომცემია ის არის, რომ დღევანდელ საქართველოში სკინჰედებად ქცეული „სასარგებლო იდიოტები“ აბსოლუტურ უმცირესობაში არიან“, – წერს კაკაბაძე.