„ქვეყანამ დაკარგა დიდძალი ფინანსური რესურსი“ – 11 ფაქტი Inter Rao-სთან წაგებულ საარბიტრაჟო დავაზე

შეგახსენებთ, რომ საქართველომ Inter Rao-სთან საერთაშორისო არბიტრაჟში სააპელაციო დავა წააგო. კერძოდ, მსოფლიო ბანკთან საერთაშორისო საინვესტიციო დავების გადაწყვეტის ცენტრის (ICSID) ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ტრიბუნალმა საქართველოს აპელაცია არ დააკმაყოფილა. 2025 წლის 21 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ICSID-მა ძალაში დატოვა საქმესთან დაკავშირებით 2022 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს Inter Rao-სთვის 76 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა.

„ბიზნესპრესნიუსი“ რომან გოცირიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„11 ფაქტი საერთაშორისო არბიტრაჟის საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც საქართველოს დაეკისრა რუსული კომპანია “ინტერრაოსათვის” 94 მილიონი დოლარის გადახდა. აქედან 76 მილიონი დოლარი არის ძირითადი თანხა, ხოლო 18 მილიონი დოლარი ჯარიმა, გადახდის პროცესის გაჭიანურების გამო.

საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების კორუფციული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო ქვეყნის მოსახლეობამ რუსულ კომპანია “ინტერრაოს” უნდა გადაუხადოს 94 მილიონი დოლარი, რომელიც, როგორც ცნობილი გახდა, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებმა დააკისრა. განვიხილოთ ეტაპობრივად, თუ რა მოხდა სინამდვილეში:

1. დავიწყოთ შორიდან – ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს თბილისის ელექტროგამანაწილებელი ქსელი “თელასი” და მდინარე ხრამზე ორი ჰოდროელექტროსადგური რუსული კომპანიის “ინტერრაოს” მფლობელობაში გადავიდა, აქედან “თელასი” საკუთრებაში, ხოლო ჰესები 25-წლიანი იჯარით.

2. 2011 წელს ხრამის სადგურები ხელისუფლებამ მიჰყიდა რუსულ კომპანიას 104 მილიონ დოლარად, იმ პირობით, რომ ეს კომპანია ხრამზე ააშენებდა კიდევ სამ ჰიდროელექტროსადგურს და 2016 წლამდე განახორციელებდა ინვესტიციებს 193 მილიონი დოლარის ოდენობით. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ელექტროენერგიის ტარიფი არ უნდა შემცირებულიყო 15 წლის განმავლობაში.

3. ”ინტერრაო” ვალდებულებას იღებდა “თელასში” განეხორციელებინა ინვესტიციები 376 მილიონი ლარის ოდენობით (რაც მაშინდელი კურსით დაახლოებით 230 მილიონ დოლარს შეადგენდა).

„უნდა დაიწყოს გამოძიება Inter Rao-თან სავარაუდო კორუფციული გარიგებაზე“

4. 2013 წელს, “ქართული ოცნების” პოპულისტური საარჩევნო დაპირებების თუნდაც ნაწილობრივ შესრულების მიზნით, ენერგეტიკის სამინისტრომ შესთავაზა “ინტერრაოს” დენის ტარიფის მცირეოდენ შემცირება, ისიც მხოლოდ დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისათვის (ანუ იმათთვის, ვინც მოიხმარდა თვეში 100 კილოვატამდე ელექტროენერგიას). ამის სანაცვლოდ გაფორმდა ახალი ხელშეკრულება, რომლითაც ხელისუფლებამ გაუუქმა “ინტერრაოს” მიერ წინა ხელისუფლებასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, “თელასში” ინვესტიციების განხორციელების და ხრამზე ახალი სამი ჰესის აშენების ვალდებულება.

5. ახალ ხელშეკრულებაში გაჩნდა ხელისუფლების ვალდებულება ლარის კურსის გაუფასურებისა და ფასების ზრდის შემთხვევაში ელექტროენერგიის ტარიფების (როგორც “თელასში”, ასევე ხრამი 1 და ხრამი 2 ჰიდროელექტროსადგურებში) გაზრდის შესახებ. სწორედ ეს ჩანაწერი გახდა შემდგომ საერთაშორისო არბიტრაჟებში ქვეყნისათვის უზარმაზარი ვალდებულების დაკისრების საფუძველი.

6. შემდგომ წლებში ლარის კურსი დოლარის მიმართ გაუფასურდა 1,65-იდან 3,2-მდე. “ინტერრაომ” მოითხოვა ახალი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტარიფების გადახედვა, რაც ხელისუფლებამ( “სემეკმა”) არ განახორციელა წინასაარჩევნოდ (შემდგომ პერიოდში მაინც მოუწია). “ინტერრაომ” საერთაშორისო არბიტრაჟებში იჩივლა და მოითხოვა მიყენებული ზარალის ანაზღაურება 200 მილიონი დოლარის ოდენობით. საბოლოოდ, საქართველოს მთავრობას დაეკისრა 76 მილიონი დოლარის გადახდა. აღნიშნული თანხა გაიზარდა 18 მილიონი დოლარით ჯარიმების სახით ძირითადი თანხის დროულად არგადახდის გამო. დღეისათვის საქართველოს ვალდებულება რუსული კომპანიის წინაში არის 94 მილიონი დოლარი. სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

7. მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის მიერ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები დღემდე არის საიდუმლო. მისი შინაარსის ნაწილობრივ გაგება შესაძლებელი გახდა არბიტრაჟებში რუსული კომპანიის მიერ შეტანილი სარჩელებიდან და სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებიდან. ხელისუფლება ხელშეკრულებაში მომხდარ ცვლილებებს დღემდე ასაიდუმლოებს.

8. რაც შეეხება თბილისში დენის ტარიფის შემცირებას, ის ნაწილობრივი და მოკლევადიანი აღმოჩნდა. შემდგომ პერიოდში, როგორც ვნახეთ, იგი მაინც გაიზარდა.

9. ამ საქმეში კახა კალაძის გარდა ბრალი მიუძღვის ასევე “სემეკის” თავმჯდომარეს დავით ნარმანიას, რომელიც “ოცნების” კლანის დავალებებს ასრულებდა.

10. რუსული კომპანიის სასარგებლოდ წარმოებული დათმობები შეიძლება განვიხილოთ არა მხოლოდ როგორც შეცდომა, არამედ როგორც კორუფციული გარიგება. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მაშინ, როცა საარბიტრაჟო დავები წარმოებდა, 2020 წელს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული “თელასის” წილი 25 პროცენტის ოდენობით, მოულოდნელად და სწრაფად გაიყიდა კახა კალაძესთან დაახლოებულ პირზე, ვინმე ხვიჩა მაქაცარიაზე. ამ პირთან კახა კალაძის კავშირები დასტურდება მრავალი გახმაურებული ფაქტით. ამით, ფაქტობრივად ხელისუფლებამ დაკარგა “ინტერრაოზე” ზემოქმედების ბერკეტები.

11. “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ქვეყანამ დაკარგა დიდძალი ფინანსური რესურსი. სასამართლო დავების პროცესში საადვოკატო მომსახურებაზეც დაიხარჯა მილიონობით ლარი.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება რუსულ კომპანიასთან სავარაუდო კორუფციული გარიგებისა და ქვეყნისათვის ზიანის მიყენების ფაქტზე“ – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.