The Wall Street Journal: ამერიკულმა Exxon Mobil-მა რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შესახებ „როსნეფტთან“ საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა

ერთ-ერთმა უმსხვილესმა ამერიკულმა კორპორაციამ Exxon Mobil-მა რუსულ კომპანია „როსნეფტთან“ საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, რათა ნავთობის საბადოს „სახალინ-1“-ის დამუშავებას დაუბრუნდეს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემას წყაროებმა განუცხადეს, რომ Exxon Mobil-ის მმართველებმა აღნიშნული პროექტის რეალიზება განიხილეს იმ შემთხვევისთვის, თუ აშშ-ის და რუსეთის მთავრობები უკრაინაში სამშვიდობო პროცესის ფარგლებში მას „მწვანე შუქს“ აუნთებენ.

მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა Exxon Mobil-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ნილ ჩეპმენი. გარდა ამისა, კომპანიის გენერალური დირექტორი დარენ ვუდსი Exxon-ის რუსეთში სავარაუდო დაბრუნებას აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან განიხილავდა.

როგორც გამოცემა იუწყება, მოლაპარაკებების აქტივიზაცია იანვარში, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მოხდა. თებერვალში ჩეპმენმა და „როსნეფტის“ დირექტორმა იგორ სეჩინმა, რომელიც აშშ-ის სანქციების ქვეშაა, კატარის დედაქალაქ დოჰაში საიდუმლო შეხვედრა გამართეს.

აღსანიშნავია, რომ სეჩინი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარია, ის ამერიკული სანქციების ქვეშაა და აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის თანხმობის გარეშე მასთან საქმის წარმოება ამერიკულ კომპანიებს აკრძალული აქვთ.

The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ როცა 15 აგვისტოს ალასკაზე პუტინისა და ტრამპის შეხვედრა შედგა, კრემლის ლიდერმა ბრძანებულებას მოაწერა ხელი, რომელიც რუსეთში Exxon-ის დასაბრუნებლად არსებულ ერთ-ერთ დაბრკოლებას ხსნის.

გამოცემის ცნობით, კომპანიის დაბრუნება, სავარაუდოდ, დამოკიდებული იქნება პირობებზე, რომელსაც რუსეთი შესთავაზებს. Exxon-ი ცდილობს სახალინიდან წამოსვლის გამო მიღებული ზიანის კომპენსირებას. ამასთან ერთად, თუ კომპანია რუსეთში დაბრუნდება, მას სხვა ბიზნესგარემო დახვდება.