47 მლრდ რუბლი დღეში – რუსეთის სამხედრო ხარჯებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

2025 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, რუსეთის ბიუჯეტის სამხედრო დანახარჯებმა ახალი აბსოლუტური რეკორდი დაამყარა და 8.5 ტრილიონ რუბლს (106 მლრდ დოლარი) გადააჭარბა. ამის შესახებ moscowtimes-ი გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტის მკვლევარი იანის კლუგეზე დაყრდნობით წერს, რომელმაც რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემები გამოიყენა.

ამავე მონაცემებიდან ირკვევა, რომ არმიასა და შეიარაღების წარმოებაზე დანახარჯები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით გაიზარდა. თუ შევადარებთ 2023 წლის იმავე პერიოდს, ზრდა თითქმის 95%-ია, ომის პირველ წელთან შედარებით კი სამჯერ მეტი.

რუსეთი ომში დღიურად იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე ყარაჩაის წლიური ბიუჯეტია

საშუალოდ, რუსული „სამხედრო მანქანა“ თვეში 1.4 ტრილიონ რუბლს (17.4 მლრდ დოლარი) ხარჯავს, რაც დღეში თითქმის 47 მილიარდს (585 მლნ დოლარი) უდრის – ეს მაჩვენებელი კი აღემატება რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონის, როგორიცაა ყარაჩაი-ჩერქეზეთი (წლიური ბიუჯეტი 30.5 მლრდ რუბლი) მთელი წლის ბიუჯეტს.

ამასთან, ბიუჯეტში სამხედრო ხარჯების წილმაც ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია: თუ 2024 წელს ეს მაჩვენებელი 35% იყო, წელს პირველ კვარტალში 41%-ს, მეორე კვარტლის ბოლოს კი თითქმის 40%-ს შეადგენს. ფაქტობრივად, ყოველი მეორე რუბლი, რომელიც ფედერალური ბიუჯეტში მოქალაქეების გადასახადებიდან შედის, უკრაინასთან ომის დაფინანსებაზე იხარჯება – წერს moscowtimes-ი.

„ყოველი მეორე რუბლი, რომელიც ფედერალური ბიუჯეტში მოქალაქეების გადასახადებიდან შედის, უკრაინასთან ომის დაფინანსებაზე იხარჯება“

 

 

გერმანელი მკვლევარის დათვლებით, განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ სამხედრო ბიუჯეტის თითქმის ორი მესამედი, 62% გასაიდუმლოებულია. ღია მუხლებით ნახევარ წელიწადში 3,2 ტრილიონი რუბლი დაიხარჯა, საიდუმლო მუხლებით კი – 5,3 ტრილიონი. კლუგეს შეფასებით, გასაიდუმლოებული სამხედრო ხარჯები გასულ წელთან შედარებით 41%-ით გაიზარდა, ომის პირველ წელთან შედარებით კი თითქმის ოთხჯერ.

2022–2024 წლებში რუსეთის ხელისუფლებამ სამხედრო სფეროში 20 ტრილიონ რუბლზე მეტი დახარჯა. 2025 წლის ბიუჯეტში მხოლოდ „ეროვნული თავდაცვისთვის“ გამოყოფილი თანხა 13.5 ტრილიონს შეადგენს – ეს კი ქვეყნის ხარჯების 30%-ია და საბჭოთა პერიოდის შემდეგ უპრეცედენტო მაჩვენებლად ითვლება.

კრემლში სამხედრო ხარჯების შემცირება არც 2026 წელს იგეგმება, თუნდაც უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმება შედგეს. „ნაღმმტყორცნები და უპილოტოები მაინც უნდა იწარმოოს, ოღონდ შედარებით მცირე მასშტაბით. კონფრონტაცია გაგრძელდება და სამხედრო ხარჯებიც შესაბამისად გაიზრდება, რადგან დასავლეთიც ზრდის თავის შესაძლებლობებს,“ – აცხადებს „როიტერის“ წყარო.

ექსპერტების შეფასებით, სამხედრო ხარჯების კლება მხოლოდ 2027 წლიდან არის მოსალოდნელი, თუმცა ომამდე არსებულ დონემდე დაბრუნება რეალისტურად არ ჩანს – წერს გამოცემა.