უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსმა ივან ვიგოვსკიმ განაცხადა, რომ უმაღლესი რადას ყოფილი სპიკერის, ანდრეი პარუბის მკვლელობაში არსებობს „რუსული კვალი“. ამის შესახებ მან „ფეისბუკში“ დაწერა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„36 საათი დაგვჭირდა, რათა მის კვალზე გავსულიყავით და დაგვეკავებინა“, – დაწერა ვიგოვსკიმ. მან განაცხადა, რომ 30 აგვისტოს, ლვოვის ფრანკოვსკის რაიონში კურიერის ფორმაში ჩაცმულმა კილერმა პარუბის რვაჯერ ესროლა, რის შემდეგ დარწმუნდა, რომ პოლიტიკოსი ნამდვილად გარდაიცვალა.
ვიგოვსკი წერს, რომ მკვლელი მიმალვას ცდილობდა, მან ტანსაცმელი გამოიცვალა, იარაღი მოიშორა და ხმელნიცკის ოლქში მიმალვას აპირებდა.
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი იუწყება, რომ ანდრეი პარუბის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ლვოვის 52 წლის მკვიდრი დააკავეს. მისი ქმედება კვალიფიცირდება, როგორც განზრახ მკვლელობა და იარაღთან უკანონო მოპყრობა.
ანდრეი პარუბი 2014 წლის ევრომაიდანში აქტიურად მონაწილეობდა. 2014 წელსვე ის სათავეში ჩაუდგა უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ გადადგა. 2016 -2018 წლებში ანდრეი პარუბი უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი იყო. ის ასევე რადას რამდენიმე მოწვევის წევრი იყო.